მეხიკოში აცტეკების მიერ მსხვერპლად შეწირული ადამიანების თავის ქალებისგან აგებული „კოშკი“ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მეხიკოში აცტეკების მიერ მსხვერპლად შეწირული ადამიანების თავის ქალებისგან აგებული „კოშკი“ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს შუაგულში არქეოლოგებმა აცტეკეკების პერიოდის „თავის ქალების კოშკი“ აღმოაჩინეს, რომელიც 119 ადამიანის ძვლებს მოიცავს.

თავის ქალები აცტეკების იმპერიის დედაქალაქ ტენოჩტიტლანის სამეფოს მთავარი სატაძრო კომპლექსის, ტემპლო-მაიორის ნანგრევებში აღმოაჩინეს, რომელის ადგილასაც ახლა, თანამედროვე მეხიკოს მთავარ მოედანზე, კათოლიკური საკათედრო ტაძარი დგას.

არქეოლოგთა აზრით, თავის ქალების უდიდესი ნაწილი მტრის დატყვევებულ მებრძოლებს ეკუთვნოდა და მათგან აგებული კოშკი აცტეკების იმპერიის მტრებისათვის ერთგვარი გაფრთხილების სიმბოლოს წარმოადგენდა. იმპერია 1521 წელს ესპანელებმა დაამხეს.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა განცხადების მიხედვით, ზოგიერთი თავის ქალა შეიძლება ეკუთვნოდეს ადამიანებს, რომლებიც ღმერთებს რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს შესწირეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია იმის დადგენა, მათგან რამდენი ინდივიდი იყო მებრძოლი, ზოგიერთი მათგანი მსხვერპლშესაწირად უნდა ყოფილიყო დატყვევებული“, — ამბობს არქეოლოგი ბარერა როდრიგესი.

არქეოლოგთა აზრით, 4,7 მეტრის სიგანის კოშკი მე-15 საუკუნის ბოლოს არის აშენებული.

ტემპლო-მაიორის გათხრებისას უკვე აღმოჩენილია 600-ზე მეტი თავის ქალა; მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, ეს ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებია.

„ტემპლო-მაიორი ყოველ ჯერზე ჩვენს გაკვირვებას აგრძელებს. მისი შემადგენელი ერთ-ერთი რელიგიური ნაგებობა, უეი-ცომპანტილი, სადაც თავის ქალებისგან აგებული ეს კოშკი ვიპოვეთ, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქეოლოგიური აღმოჩენაა ჩვენს ქვეყანაში“, — ამბობს მექსიკის კულტურის მინისტრი ალეხანდრა ფრაუსტო განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანთა მსხვერპლშეწირვა უძველეს მესოამერიკაში სამყაროს არსებობის გაგრძელებისათვის აუცილებელ რიტუალად მიიჩნეოდა.

სწორედ ამის გამო, არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ თავის ქალებისგან აგებული კოშკი აცტეკებს უფრო „სიცოცხლის ნაგებობად მიაჩნდათ, ვიდრე სიკვდილის“.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.