მეხანძრე-მაშველების მიერ ტყიდან გამოყვანისას დაჭრილი მონადირე გზაში გარდაიცვალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების მიერ ტყიდან გამოყვანისას დაჭრილი მონადირე გზაში გარდაიცვალა.
ფარცვანიას თქმით, 62 წლის ო. ქ.-ს ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
„ხოკოს მიდამოებში მთაში სანადიროდ იყო. დილის ცხრა საათზე მისი ტელეფონიდან განხორციელდა ზარი 112-ზე, შეტყობინებით, რომ მამაკაცი იყო დაჭრილი. სავარაუდოდ ო. ქ. – მ თვითონ დარეკა 112 ში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მაშინვე ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში. გამოძახებული იყო საზღვრის დაცვის ვერტმფრენი, თუმცა უამინდობის გამო დაჭრილის გამოყვანა ვერ მოხერხდა. რამდენიმესაათიანი სამძებრო – სამაშველო სამუშაოების შემდეგ ო. ქ. ნაპოვნი იქნა და როცა მაშველებს ჩამოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბესიკ ფარცვანიამ.
გარდაცვლილის მეზობლები მედიასთან საუბარში ყვებიან, რომ მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს თამხლებ პირთან ერთად წავიდა. მათივე ინფორმაციით, ო.ქ. მარტო ცხოვრობდა.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცხედრის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებისას სამართლდამცველებს გარდაცვლილის მეზობლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
მანამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა.
ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს მონადირე საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავდათ საავტომობილო გზამდე.