მედიის ცნობით, ტუნისის ყოფილი პრეზიდენტი ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი გარდაიცვალა
ტუნისის ყოფილი პრეზიდენტი ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ტუნისურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბენ ალი საუდის არაბეთში გარდაიცვალა.
ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი ტუნისს 1987-დან 2011 წლამდე მართავდა. ის ქვეყნიდან „არაბული გაზაფხულის“ მოვლენების სახელით ცნობილი მასობრივი დემონსტრაციების დროს გაიქცა და საუდის არაბეთს შეაფარა თავი. 2012 წელს ტუნისის სამხედრო ტრიბუნალმა დაუსწრებლად მას საპროტესტო აქციის დარბევისას დემონსტრანტების მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.