მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კრამატორსკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი 42-ს აღემატება
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 42-ს აღემატება.
ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე განახორციელეს. რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე ხალხმრავალ რესტორანს დაეცა.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ამასთან, დაშავებულთა შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები კვლავ რესტორნის ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან – სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მაშველებმა ოპერატიული შტაბი განათავსეს, პოლიცია მუშაობს. დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – განაცხადა კირილენკომ.
კრამატორსკი არის მთავარი ქალაქი დონეცკის პროვინციის ფრონტის ხაზის დასავლეთით. ქალაქი იყო რუსული თავდასხმების ხშირი სამიზნე, მათ შორის 2022 წლის აპრილში ქალაქის რკინიგზის სადგურზე მომხდარმა სარაკეტო იერიშმა 63 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.