მედია - ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. საბაჟო პუნქტი ამოქმედდება
მედია - ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. საბაჟო პუნქტი ამოქმედდება

ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. რაზდახანის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საბაჟო კონტროლის განხორციელება მიმდინარე კვირაში დაიწყება, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს“ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელზე მურატ ცხოვრებოვზე დაყრდნობით იტყობინება.

ცხოვრებოვის განმარტებით, ე.წ. გამშვებ პუნქტზე „უკვე დაიდგა ვაგონები, სადაც ე.წ. საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები განთავსდებიან. მათთან ერთად, კონტროლს განახორციელებენ ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მათი მოვალეობა ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოდან მესაქონლეობის შედეგად მიღებული პროდუქციის შეტანაზე დაწესებული აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი იქნება“, – აცხადებს ცხოვრებოვი.

მისივე ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობაში ოკუპირებულ ლენინგორში შესვლის მსურველთათვის აქამდე მოქმედი 50 კგ-ზე მეტი წონის ტვირთზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების საკითხი განიხილება.