ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელის გახსნა შეღავათია ადგილობრივებისთვის
ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელის გახსნა შეღავათია ადგილობრივებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელის გახსნა არის უდიდესი შეღავათი ადგილობრივებისთვის.

ციხელაშვილის თქმით, ბრიუსელში მისი ბოლო ვიზიტის, საჯარო გამოსვლების თუ დახურული შეხვედრების უმთავრესი თემა ახალგორის მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა და გადასასვლელების გახსნის საკითხი იყო.

„დღეს არის გარკვეული მოძრაობა და ადამიანები არიან მოლოდინში იმისა, რომ ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა. ძირითადად, პენსიონერებზე ვსაუბრობ, რომელთაც ოჯახების ნაწილი ჰყავთ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, წეროვანში. გარკვეული ვადით გადაადგილებაზეა საუბარი. ბუნებრივია, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს აუცილებლად, რომ უპირობოდ და სრულად გაიხსნას ე.წ. გადასასვლელი პუნქტები და იყოს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავი. მაგრამ ასეთი ზომაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, არის უდიდესი შეღავათი ხალხისთვის, რადგან ისინი უკვე ხუთი თვის განმავლობაში არიან ჩაკეტილი, ფაქტობრივ ტყვეობაში, მავთულხლართებს მიღმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

​მისი თქმით, კარგია, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს ახლა აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა. მისი თქმით, აუცილებელია, ყველა მსურველს ჰქონდეს გადაადგილების შესაძლებლობა და არ ჰქონდეს დაბრკოლება, იმოძრაონ, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, ისევ გადმოკვეთონ და ა.შ.

„დღეს ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეს, კერძოდ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და მის გუნდს. ჩვენი საუბრის მთავარი ერთ-ერთი საკითხი სწორედ ახალგორის მიმართულებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი გახლდათ და ისინი ისევე, როგორც ჩვენი სხვა პარტნიორები გაერო-დან და ეუთო-დან, არიან მაქსიმალურად ჩართული იმაში, რომ სწორედ გადაადგილების თავისუფლებას არ შეექმნას დამატებითი რისკები. აუცილებელია მისი აღდგენა და ამავდროულად, აუცილებელია იმ გამოწვევების დაძლევა, რასაც ადგილი აქვს მაგალითად წნელისის და ჩორჩანას მიდამოში.

ეს არის უსაფრთხოებასთან და ასევე ჰუმანიტარულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ ახალგორთან ჩორჩანას საკითხის ჩაბმა რომ სრულიად დაუშვებელია და მოსახლეობის მძევლად აყვანის ფორმით გარკვეული სხვა მიზნების მიღწევა, ესეც ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. ჩვენ ახლა მონდომებული ვართ და მუშა რეჟიმში, რომ ადამიანები, რომლებსაც გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა, ოჯახებს შეუფერხებლად დაუკავშირდნენ. მათთვის ეს უდიდესი რამ არის, ეს ელემენტარული გახსნილობაც კი. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტს ექნება ეს შესაძლებლობა დღეის და მომდევნო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით, 10 დღით გახსნა.