მედეა ჯანიაშვილი - ძალიან სასიხარულოა აეროპორტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ხუთი ახალი მიმართულების დამატება
ძალიან სასიხარულოა აეროპორტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ხუთი ახალი მიმართულების დამატება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა ქუთაისიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით ახალი ავიარეისების დამატების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ავიარეისები ხელს შეუწყობს ევროპიდან საქართველოში ტურისტების ნაკადების გაზრდას და მაღალმხარჯველი მოგზაურების მოზიდვას.
„ჩვენი მთავარი მიზანია, კონკურენტუნარიანი, მდგრადი ტურისტული პროდუქტითა და მომსახურებით რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველი საერთაშორისო ვიზიტორი მოვიზიდოთ. ევროკავშირი სწორედ ერთ-ერთი მიზნობრივი ბაზარია. ძალიან სასიხარულოა აეროპორტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ხუთი ახალი მიმართულების დამატება ევროპის ქვეყნებთან, ასევე არსებული სიხშირეების გაზრდა“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მომავალ წელს იგეგმება მუშაობა ახალი ტურისტული ადგილებისა და მომსახურების შექმნის მიმართულებით.
„მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა მთავარი პირობაა, სწორი ფორმირება მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული რესურსისა და პოტენციალის, რომ სწორ ბაზრებზე გავიდეთ, რაც ავტომატურად გამოიწვევს მეტი შემოსავლის მიღებას საერთაშორისო ბაზრებიდან“, – აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის ხუთი ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.
ინფორმაციას საქართელოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.