14 და 15 მარტს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მორიგი საბალეტო პრემიერაა. ქორეოგრაფი იური პოსოხოვი თეატრში ერთმოქმედებიან ბალეტს – „მედეა“ დგამს.
საპრემიერო სპექტაკლები მთლიანად იური პოსოხოვის ქორეოგრაფიას დაეთმობა. წარმოდგენილი იქნება ასევე ორი ერთმოქმედებიანი ბალეტი – „საგალობელი“ და “ანარეკლი“. ორივე მათგანი პოსოხოვმა თბილისში 2008 და 2012 წლებში დადგა. „საგალობელი“, რომელიც ქართულ ხალხურ მელოდიებზე და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებზე დაიდგა 2008 წელს, ქართული საბალეტო დასის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელსაც ხშრად ცეკვავენ როგორც აქ თბილისში, ისე უცხოეთში.
იური პოსოხოვი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი თეატრების წამყვანი სოლისტი იყო, 1990 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც ქორეოგრაფი.
მაყურებელს თბილისში კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება პა დე დე იური პოსოხოვის გახმაურებული ბალეტიდან „ნურიევი“. სპექტაკლი 2017 წელს ქორეოგრაფმა რუსეთის დიდ თეატრში დადგა, მაგრამ პრემიერამდე იგი აკრძალეს, ხოლო ბალეტის ლიბრეტოს ავტორი, რეჟისორი და სცენოგრაფი კირილ სერებრენნიკოვი დაიჭირეს. პა დე დეს – ნურიევი და ფონტეინი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები – ვლადისლავ ლანტრატოვი და მარია ალექსანდროვა იცეკვებენ.