მეცნიერთა განცხადებით, ვულკანური ამოფრქვევები ჰავაიზე შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს
გასულ კვირაში, ჰავაიზე ამოფრქვეული ვულკანების შემდეგ ევაკუირებულ მოსახლეობას შესაძლოა, სახლებში დაბრუნება არც ისე მალე მოუწიოთ. ვულკან კილაუეას ამოფრქვევა კვლავ გრძელდება. განდაგურებულია სულ მცირე 35 სტრუქტურა და დაფარულია დაახლოებით 75 საფეხბურთო მოედნის ტერიტორია.
სიმართლე ის არის, რომ ამოფრქვევა გასულ კვირას არ დაწყებულა. სინამდვილეში, პროცესი 1983 წელს დაიწყო და ამჟამინდელი გამანადგურებელი მოვლენები უბრალოდ, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ხანგრძლივი ამოფრქვევის 62-ე ეპიზოდია. მეცნიერთა თქმით, შესაძლოა, პროცესი კვირები, თვეები ან მთელი წელიც კი გაგრძელდეს.
ვუკლან კულაუეას ცეცხლოვანი ლავის შადრევნებისა და ტალღის შედეგად, გაჩნდა 12 ვულკანური ბზარი. ზანტად მომდინარე გამდნარმა მაგმამ გაანადგურა ყველაფერი, რაც გზად ხვდებოდა.
ზოგიერთი ადგილობრივი კატასტროფას ჰავაურ ღვთაება პელეს უკავშირებს და სჯერათ, რომ იგი თავის მიწას ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს ცრურწმენაა. მეცნიერთა აზრით, ამ ყველაფრის უკან ეფუზიური ბზაროვანი ამოფრქვევა დგას.
„შეუძლებელია მიწისქვეშ ჩახედვა და ყველაფრის დეტალურად გარკვევა. პროცესი შესაძლოა, დღეები, კვირები ან წლები გაგრძელდეს. ყველაფერი შესაძლებელია. სამწუხაროდ, რაიმეს გადაჭრით თქმა რთულია“, — ამბობს ვულკანოლოგი ბილ ჩედვიკი.
ბოლო ამოფრქვევის მიზეზი ვულკანის მწვერვალზე, კრატერში მდებარე ლავის ტბის ფსკერის ჩანგრევა გახდა, რის შედეგადაც მთელი მისი გამდნარი მასა კილაუეას მიწისქვეშ დამალულ მაგმის სისტემაში ჩავიდა.
მეცნიერებმა რეზერვუარის ჩანგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ არ იციან, მაგრამ როცა ეს მოხდა, ახალ კლდოვან არხებში დაპრესილი მაგმის დაძვრამ მიწისძვრათა სერია გამოიწვია. მათ შორის იყო 6,9 მაგნიტუდის ბიძგები, რაც ყველაზე ძლიერი იყო ჰავაიზე 1975 წლის შემდეგ.
გამომდინარე იმ არხების მახასიათებლებიდან, რომლებშიც ახლა კულაუეადან მაგმა ჩამოედინება, სავარაუდოდ, წნევა საკმარისი არ არის, რათა რაიმე უზარმაზარი ამოფრქვევა მოხდეს. თუმცა, გრძლევადიან პერსპექტივაში ამის პროგნოზირება რთულია.
„ეს გამსკდარ მილს ჰგავს, რომლის სადინარ სისტემაშიც მაგმა დაბლა მოძრაობს და აღწევს წერტილს, რომელზეც წნევა საკმარისი ხდება, რათა მის თავზე არსებული ზედაპირის დახეთქვა დაიწყოს“, — აცხადებს დენისონის უნივერსიტეტის ვულკანოლოგი ერიკ კლემეტი.
მომზადებულია npr.org-ის მიხედვით