მეცნიერთა ახალი მოხსენების მიხედვით, კაცობრიობამ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყველაზე უარესი შედეგებისთვის მზადება უნდა დაიწყოს — #1tvმეცნიერება
სპეკულაციები კაცობრიობის აღსასრულის შესახებ ის თემაა, რომლითაც ადამიანები უხსოვარი დროიდან ვიქცევთ თავს. შეთხზული გვაქვს მრავალი აპოკალიფსური სცენარი.
გასაკვირია, მაგრამ გლობალური კლიმატური კრიზისის გამწვავების შუაგულში, თანაც ისეთი კრიზისის, რომელიც ყველაფერზე ახდენს გავლენას, ინდივიდთა ჯანმრთელობით დაწყებული, მთლიანი ეკოსისტემებისა და მათი რესურსებით დამთავრებული — პოტენციური გლობალური კატასტროფები შეუსწავლელია.
ცოტა ხნის წინ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ძლიერ დროულია, რომ სერიოზულად დავიწყოთ ყველაზე უარეს სცენარებზე ფიქრი და მტკიცე გეგმა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, ან იმისათვის, თუ კაცობრიობის კოლაფსი დადგება.
„ყოველ მასობრივ გადაშენებაში კლიმატის ცვლილებას მიუძღვის წვლილი. ხშირად მან განაპირობა იმპერიათა დაცემა და მიმართულება მისცა ისტორიას. თანამედროვე მსოფლიოც კი, კონკრეტულ კლიმატურ ნიშას არის მორგებული“, — ამბობს მოხსენების ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი ლიუკ კემპი.
მისივე განცხადებით, კატასტროფისკენ მიმავალი გზები არ შემოიფარგლება მაღალი ტემპერატურის პირდაპირი ზემოქმედებით, მაგალითად, ექსტრემალური ამინდის მოვლენებით. სხვა უბედურებები შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დარტყმითმა ეფექტებმა, როგორებიც არის ფინანსური კრიზისები, კონფლიქტები და ახალ დაავადებათა გავრცელება.
მოხსენების ავტორთა განცხადებით, ეპიდემიების, ომებისა და შიმშილის ძველ აპოკალიფსურ კავალერიას შეიძლება ახალი პარტნიორი შეუერთდეს — ექსტრემალური ამინდი.
უახლესმა ისტორიამ კაცობრიობას უკვე შეახსენა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს პანდემიები, ეკონომიკური არასტაბილურობა და საკვების გლობალური დეფიციტი, როცა ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები უსიამოვნოა, გლობალური ცივილიზაციის სტრუქტურები მაინც შედარებით უცვლელი რჩება.
თუმცა, რაღაც მომენტში, ის სტრუქტურები, რომლებიც ასეთ შტორმებთან გამკლავების საშუალებას გვაძლევს, დაიშლება.
საკვების დეფიციტი ადამიანებს ზოონოზურ დაავადებებთან (ცხოველური წარმოშობის) ახლო კონტაქტს აიძულებს, რისი თანმდევიც არის პანდემიები. ომებს მოსდევს საკვების გადანაწილების წლობით მოშლა და შიმშილი; როდესაც ეკონომიკა უფრო ცხელ, კატასტროფებით განადგურებულ მსოფლიოში ბიზნესის კეთების გზას ცდილობს, გარდაუვალია ინფლაციაც.
„29-გრადუსიანი საშუალო წლიური ტემპერატურა ახლა აზიანებს დაახლოებით 30 მილიონ ადამიანს საჰარასა და სპარსეთის ყურის რეგიონებში“, — ამბობს ჩინეთის ქალაქ ნანკინის უნივერსიტეტის სოციალური კომპლექსურობის მკვლევარი ჩი სუ.
მისივე განცხადებით, 2070 წლისთვის, ასეთი ტემპერატურა და მისი სოციალური და პოლიტიკური შედეგები პირდაპირ გავლენას მოახდენს ორ ბირთვულ ძალაზე და მაქსიმუმ შვიდ ისეთ ლაბორატორიაზე, სადაც ყველაზე სახიფათო პათოგენები ინახება.
პრობლემას იმდენად არ წარმოადგენს ის, რომ ასეთი შედეგების გააზრება არ შეგვიძლია. გაფრთხილებები ახალი არ არის.
როგორც პოტსდამის კლიმატური გავლენის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, იოჰან როკშტორმი აღნიშნავს, ჩვენ სულ უფრო მეტად ვიგებთ, რომ ჩვენი პლანეტა უფრო დახვეწილი და მყიფე ორგანიზმია. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, უნდა განვახორციელოთ გათვლები.
ეს კი, მეცნიერთა მტკიცებით, პრობლემაა. რისკების კარგი მენეჯმენტი გულისხმობს არა მხოლოდ იმის პროგნოზირებას, თუ რომელი სცენარია უფრო სავარაუდო, არამედ იმათგან დაცვასაც, რომლებსაც ყველაზე საშინელი გავლენა ექნება.
თუ ოპტიმისტები ვიქნებით, ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. ქცევის ცვლილების, პოლიტიკური ქმედებებისა და ინოვაციების კომბინაციამ, შეიძლება ტემპერატურის აწევა შეაჩეროს ისეთ ნიშნულზე, რომელიც ყოველ ექვს თვეში ახალ კატასტროფებს არ მოგვიტანს.
თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც დღესაა — და როგორც გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) ფიქრობს, ასეც იქნება — თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ველოდოთ საშუალო ტემპერატურის ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით 1,5 გრადუსი ცელსიუსით მატებას 2030-2052 წლებს შორის მონაკვეთში. ეს კი ჩვენს პლანეტას გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.