პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მკვდარ ტვინს სიცოცხლე დაუბრუნეს. ახალი სისტემის წყალობით, ნეირომეცნიერებმა ოთხი საათის მკვდარი ღორების ტვინებში გარკვეული უჯრედული და მოლეკულური ფუნქციები აღადგინეს.
მიღწევა უზარმაზარია და სრულიად ახალ გზას ხსნის სიკვდილისშემდგომი ტვინის შესასწავლად. გარდა ამისა, მკურნალობის ახალ საშუალებას იძლევა ტვინის დაზიანებისა და დაავადებებისგან გამოწვეული მკვდარი უჯრედების აღსადგენად.
მას შემდეგ, რაც 1818 წელს მსოფლიომ მერი შელის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი „ფრანკენშტეინი“ იხილა, ადამიანები მუდამ ოცნებობენ მკვდარი ტვინის გაცოცხლებაზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერთა მიზანი ეს არ ყოფილა.
მკვლევართა მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, რა ხდება ტვინში მას შემდეგ, რაც სისხლის დინება შეწყდება და არის თუ არა უჯრედის სიკვდილი გარდაუვალი.
იელის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის, ნედან სესტანის განმარტებით, ტვინი ძლიერ მგრძნობიარეა ჟანგბადის დონის ცვლილებისა და სისხლის დინების შეწყვეტისადმი.
როგორც იგი აღნიშნავს, მათ ლაბორატორიაში ჩატარებული მრავალი დაკვირვება კითხვის ნიშნის ქვეშ სვამდა იმ მოცემულობას, რომ გარდაუვალია უჯრედთა საყოველთაო დახოცვა სისხლის დინების შეწყვეტიდან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ. „მაგალითად, მკვდარი ტვინიდან შესაძლებელია ცოცხალი უჯრედების შეგროვება და მათი კულტივირება ლაბორატორიაში. ეს კი მიუთითებს, რომ სიკვდილისშემდგომ ტვინს შეიძლება გაცოცხლების უნარი ჰქონდეს“.
მან და მისმა ჯგუფმა შექმნა სისტემა სახელად BrainEx, რას სამი ნაწილისგან შედგება.
პირველი ნაწილია სინთეზური ხსნარი, რომელსაც ტვინში ისე უშვებენ, როგორც ამას გული აკეთებს, დაახლოებით სხეულის ტემპერატურაზე.
მეორე ნაწილია შემასხურებელი მოწყობილობა, რომელიც ხსნარს ტუმბავს და იმეორებს მხარდამჭერ ორგანოთა ქცევებს. ბოლო ნაწილია ქირურგიული ტექნიკა, რომელიც ტვინის იზოლირებას ახდენს.
ამის შემდეგ, ჯგუფმა სასაკლაოდან აიღო 32 ღორის ტვინი და სიკვდილიდან ოთხი საათის შემდეგ, მათი დამუშავება BrainEx ტექნოლოგიით დაიწყო.
სპეციალურ ხსნარს ტვინებში ექვსი საათის განმავლობაში ატარებდნენ. ამ პროცესში, ჯგუფი აკვირდებოდა აშკარა განსხვავებებს BrainEx-ით დამუშავებულ და დაუმუშავებელ ტვინებს შორის.
სესტანის თქმით, აღმოჩნდა, რომ შენარჩუნდა ქსოვილი და უჯრედული სტრუქტურა, შემცირდა უჯრედთა სიკვდილიც.
მისივე განცხადებით, აღდგა გარკვეული მოლეკულური და უჯრედული ფუნქციები, მათ შორის გლიური და სისხლძარღვოვანი პასუხები სტიმულებზე, ისევე როგორც სპონტანური სინაპტიკური აქტივობა და აქტიური გლობალური მეტაბოლიზმი.
თუმცა, საერთოდ არ შეინიშნებოდა ორგანიზებული გლობალური აქტივობა, რაც ტვინის ნორმალური ფუნქციონირების ან ცნობიერებისთვის არის საჭირო. ორგანიზებული აქტივობის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ განზრახული ჰქონდათ კვლევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ამისათვის მზად ჰქონდათ ყველანაირი ტექნიკა, მათ შორის ნეირონული აქტივობის მბლოკავი სისტემაც.
მკვლევართა აღმოჩენები ცალსახად მიუთითებს, რომ ტვინს უჯრედული ფუნქციების აღდგენის იმაზე მეტი უნარი აქვს, ვიდრე ჩვენთვისაა ცნობილი. ამ ყველაფრის შედეგად კი შეიძლება გავაუმჯობესოთ ინსულტით, ტრავმებითა თუ ჟანგბადის ნაკლულობით გამოწვეული დაზიანებების მკურნალობის მეთოდები.
მკვლევართა განცხადებით, მათი ტექნოლოგია მოითხოვს სამომავლო განვითარებას, ოპტიმიზაციასა და იმპლემენტაციას. ამ მეთოდით ისინი უფრო დიდ ძუძუმწოვართა ტვინების შესწავლასაც გეგმავენ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.