მეცნიერებმა მაიმუნისა და ადამიანის ჰიბრიდი, ქიმერა ემბრიონები შექმნეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა მაიმუნისა და ადამიანის ჰიბრიდი, ქიმერა ემბრიონები შექმნეს — #1tvმეცნიერება

როგორი შეიძლება იყოს ადამიანისა და მაიმუნის ნაჯვარი? მეცნიერები ამ საკითხის გარკვევას იწყებენ.

ინოვაციური და ამავე დროს საკამათო ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა ასეთი ჰიბრიდი შექმნეს: მაიმუნისა და ადამიანის უჯრედების ქიმერული კომბინაცია, ერთად თავმოყრილი ცოცხალ ემბრიონში, რომელსაც მხოლოდ ბუნებაში თავისით არც არასოდეს შექმნიდა.

ეთიკურად საკმაოდ უსიამოვნოა, მაგრამ საქმე შეშლილ მეცნიერებასთან ნამდვილად არ გვაქვს.

ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდების კვლევას გრძელი და პრობლემური ისტორია აქვს; ბოლო წლებში მეცნიერები ქიმერულ ორგანიზმებს აქტიურად იკვლევენ, რათა პასუხი გასცენ ბიოლოგიის ისეთ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვან სარგებელს მოგვიტანს ისეთ დარგებში, როგორიც არის რეგენერაციული მედიცინა.

მაგალითად, თუ როგორღაც შევძლებთ ადამიანის ორგანოების გამოზრდას ღორის ქსოვილში, საკმაოდ გრძელი გზის გავლის შემდეგ, შეიძლება გადაიჭრას ადამიანის ორგანოთა უზარმაზარი დეფიციტის პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურად მრავალი სიცოცხლე ეწირება.

ამ საკითხით 2017 წელს მედიაში გამოჩნდა კალიფორნიის სალკის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი გენების ექსპრესიის ექსპერტის, ხუან კარლოს ისპისუა ბელმონტეს ხელმძღვანელობით. მათ მსოფლიოში პირველად შექმნეს ღორისა და ადამიანის ჰიბრიდული ემბრიონი, იმის იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, ცხოველებში გამოზრდიან ტრანსპლანტაციისთვის ვარგის ადამიანის ორგანოებს.

ასეთივე ექსპერიმენტით შექმნილ ცხვრისა და ადამიანის ჰიბრიდი ემბრიონის მსგავსად, წარმატებით ინტეგრირებული ადამიანის უჯრედების რაოდენობა საკმაოდ დაბალი იყო, რაც ადამიანისა და ღორის ბიოლოგიაში მოლეკულურ დონეზე არსებულ რაღაც შეუთავსებლობაზე მიუთითებდა.

ისპისუა ბელმონტე ამაზე არ შეჩერდა და კვლევები განაგრძო. ჩინეთის ქალაქ კუნმინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრიმატების რეპროდუქციის ბიოლოგის, ვეიჟი ჯის ჯგუფთან ერთად, ახალი ექსპერიმენტი მაკაკა მაიმუნების (Macaca fascicularis — კიბორჩხალაჭამია მაკაკა) ემბრიონებზე ჩაატარა; მათში ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეიყვანეს, რათა დაედგინათ, როგორ შეძლებდნენ ერთ მთლიანობაში თანარსებობას ეს ერთმანეთის შორეული ნათესავები.

კვლევაში მონაწილე თითოეულ მაიმუნის ბლასტოცისტაში (სანაყოფე ბუშტი) ადამიანის 25 პლურიპოტენციალური ღეროვანი უჯრედი (hEPSC) შეუყვანეს — ღეროვანი უჯრედების ფორმა, რომლებსაც აქვთ უნარი, წვლილი შეიტანონ როგორც ემბრიონში, ისე მიმდებარე ქსოვილებში, რომლებიც მას განვითარებაში დაეხმარება.

ფლურესცენციული (მანათობელი) ტეგირების გამოყენებით, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ადამიანის უჯრედები წარმატებით ინტეგრირდა მაკაკის 132 ემბრიონში, 10 დღის შემდეგ კი, 103 ქიმერული ემბრიონი კვლავ ცოცხალი იყო და ვითარდებოდა.

თუმცა, გადარჩენის მაჩვენებელი შემცირდა და 19 დღის შემდეგ, ცოცხალი მხოლოდ სამი ქიმერაღა იყო და ამ წერტილზე ყველა ეს ჰიბრიდული ემბრიონი დასრულებული იყო ექსპერიმენტის პარამეტრების შესაბამისად. შედეგებმა ზოგადად უფრო წარმატებული ინტეგრაცია აჩვენა, ვიდრე 2017 წელს ღორი-ადამიანის ქიმერამ.

ადამიანი-მაიმუნის ბლასტოცისტის ქიმერა

გარდა ამისა, ტრანსკრიპტომული ანალიზის მეთოდით ბლასტოცისტის უჯრედების გენეტიკურმა სეკვენირებამ გამოავლინა ახალი დეტალები ჰიბრიდში უჯრედული კომუნიკაციის შესახებ, რაც დიდად გააუმჯობესებს ჩვენს გაგებას იმის შესახებ, როგორ შევქმნათ ნაწილობროვ ადამიანი ქიმერები წარმატებით.

„ამ ანალიზებში, ქიმერულ უჯრედებში გამოვლინდა რამდენიმე საკომუნიკაციო გზა, რომელიც ან ახალი იყო ან უფრო ძლიერი“, — ამბობს ისპისუა ბელმონტე.

მისივე განცხადებით, იმის გაგება, თუ რომელი გზებია ჩართული ქიმერული უჯრედების კომუნიკაციაში, სავარაუდოდ მოგცემს ამ კომუნიკაციის გაძლიერებისა და ქიმერიზმის ეფექტიანობის ზრდის საშუალებას იმ მასპინძელ სახეობებში, რომლებიც ევოლუციურად უფრო დაშორებულია ადამიანისგან.

როგორც არ უნდა იყოს, ამ სახის კვლევები სამეცნიერო საზოგადოებაში ბევრს აფორიაქებს, რადგან ადამიანის სიცოცხლეში და ცხოველთა კეთილდღეობის კონცეპტებში ხდება იმ სახის ჩარევა, რომელსაც ზოგი არაეთიკურ და არაკომფორტულ საზღვრად მიიჩნევს.

ისპისუა ბელომნტე და მისი ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ მათმა კვლევამ ეთიკურ მოსაზრებებზე უმაღლესი ხარისხის ყურადღება გაამახვილა და მჭიდრო კოორდინაციაში იყო მარეგულირებელ სააგენტოებთან, მაგრამ ზოგიერთი მაინც ვარაუდობს, რომ ჩინეთში ჩატარებული ამ კონკრეტული ექსპერიმენტს შეიძლება ლეგალური პრობლემები ჰქონდეს და სხვაგან ასე ვერ განხორციელდეს.

„მაიმუნებზე ექსპერიმენტს ჩინეთში ვატარებთ იმიტომ, რომ ესპანეთში ის ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო ვერ ჩატარდება“, — აღნიშნა 2019 წელს კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ესპანეთის სან-ანტონიო-დე-მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტის განვითარების ბიოლოგმა ესტრელია ნუნუიეს დელიკადომ.

ამ შემთხვევაში, ყველა ემბრიონი შექმნიდან 20 დღეში გაანადგურეს, მაგრამ ჩნდება კითხვები, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ სახის ემბრიონებს დიდხანს ვაცოცხლებთ, პოტენციურად ნერვული სისტემის საწყისების, ცნობიერების ან ემოციების ასპექტების განვითარებამდე.

ფილოსოფიური კითხვები მეცნიერებაში ახალი არ არის, მაგრამ ამ სახის განვითარებადი კვლევები ყოველი მომდევნო მიღწევა ახალ გაურკვევლობებსა და სამეცნიერო შესაძლებლობებს აჩენს, რომლებიც ხშირად იქამდე მხედველობაში არ მიუღიათ.

„ახალი კვლევა ხშირად ეთიკის შესახებ არსებული აზროვნების საზღვრებს მიღმა გადის; არც ეს კვლევაა ამ მხრივ გამონაკლისი“, — წერენ კვლევასთან ერთად გამოქვეყნებულ კომენტარში ეთიკოსები, ჰენრი გრილი და ნიტა ფარაჰანი.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი