ნობელის პრემია ქიმიაში ორ მეცნიერს გენების რედაქტირების ხელსაწყოს შექმნისთვის გადაეცა — #1tvმეცნიერება
ნობელის პრემია ქიმიაში ორ მეცნიერს გენების რედაქტირების ხელსაწყოს შექმნისთვის გადაეცა — #1tvმეცნიერება

ნობელის პრემია ქიმიაში წელს გადაეცემა ფრანგ მიკრიბიოლოგს, ემანუელ შარპანტიეს და ამერიკელ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნას. მათ გენების ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხელსაწყო — გენეტიკური მაკრატელი, სახელად CRISPR/Cas9 აღმოაჩინეს. ამ ხელსაწყოს გამოყენებით, მკვლევრებს შეუძლიათ უკიდურესი სიზუსტით შეცვალონ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დნმ. ამ ტექნოლოგიამ რევოლუციური გავლენა მოახდინა სიცოცხლის მეცნიერებაზე, წვლილი შეაქვს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნაში და შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ განკურნოს მემკვიდრეობით გადაცემული დაავადებებიც.

სიცოცხლის შიდა მექანიზმების გასარკვევად, მკვლევრებს უჯრედში გენების შეცვლა სჭირდებათ. ეს პროცესი კი საკმაოდ ხანგრძლივი, რთული და ხშირად შეუძლებელია. CRISPR/Cas9 გენეტიკური მაკრატლის გამოყენებით, სიცოცხლის კოდის შეცვლა ახლა სულ რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი.

„ამ გენეტიკურ ხელსაწყოს უზარმაზარი ძალაუფლება აქვს, რაც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას. მან რევოლუცია მოახდინა არა მხოლოდ საბაზისო მეცნიერებაში, არამედ მოგვცა ინოვაციური მცენარეული კულტურები და წარუძღვება სამედიცინო მკურნალობის ინოვაციურ საშუალებებს“, — ამბობს ნობელის ქიმიის კომიტეტის თავმჯდომარე კლაეს გუსტაფსონი.

როგორც მეცნიერებაში ხშირად ხდება, ამ გენეტიკური მაკრატლის აღმოჩენაც სრულიად მოულოდნელად მოხდა. კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბაქტერიის, Streptococcus pyogenes-ის შესახებ წარმოებული კვლევებისას, ემანუელ შარპანტიემ აღმოაჩინა მანამდე უცნობი მოლეკულა, სახელად tracrRNA. მისმა კვლევამ აჩვენა, რომ tracrRNA ბაქტერიის უძველესი იმუნური სისტემის, CRISPR/Cas-ის ნაწილია, რომელიც ვირუსებს დნმ-ს ურღვევს.

აღმოჩენის შესახებ შარპანტიემ 2011 წელს გამოაქვეყნა. იმავე წელს, მან თანამშრომლობა გააფორმა გამოცდილ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნასთან, რომელსაც რნმ-ის შესახებ დიდი ცოდნა გააჩნდა. ერთობლივი ძალებით, მათ სინჯარაში წარმატებით აღადგინეს ბაქტერიის გენეტიკური მაკრატელი და ამ მაკრატლის მოლეკულური კომპონენტები ისე გაამარტივეს, რომ ადვილი გამოსაყენებელი ყოფილიყო.

ამის შემდეგ, ეპოქალურ ექსპერიმენტში მათ გენეტიკური მაკრატელი გადააპროგრამეს. ბუნებრივ ფორმებში მაკრატელი სცნობს ვირუსულ დნმ-ს, მაგრამ შარპანტიემ და დუდნამ დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია მათი ისე კონტროლიც, რომ წინასწარ განსაზღვრული ადგილიდან დნმ-ის ნებისმიერი მოლეკულა ამოჭრან. დნმ-ის ამოჭრის ადგილას კი შემდეგ ადვილად არის შესაძლებელი სიცოცხლის კოდის გადაწერა.

გამომდინარე იქიდან, რომ შარპანტიემ და დუდნამ CRISPR/Cas9 გენეტიკური მაკრატელი 2012 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ მისი გამოყენება ფართოდ დაინერგა. ამ ხელსაწყოს საშუალებით საბაზისო მეცნიერებაში მოხდა მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა; მცენარეთა მკვლევრებმა შეძლეს ისეთი მცენარეების გამოყვანა, რომლებიც უძლებს სოკოს, მავნებლებსა და გვალვას. მედიცინაში მიმდინარეობს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების კლინიკური ცდები და ბევრი აღარაფერი გვიკლია, რომ ახდეს დიდი ხნის ოცნება და შევძლოთ მემკვიდრეობითი დაავადებების განკურნება. ამ გენეტიკურმა ხელსაწყომ სიცოცხლის მეცნიერება სრულიად ახალ ეპოქაში შეიყვანა მრავალმხრივ და სულ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს კაცობრიობისთვის.

მომზადებულია nobelprize.org-ის მიხედვით.