ნობელის პრემია ფიზიკაში სამ მეცნიერს შავ ხვრელთა შესახებ აღმოჩენებისთვის გადაეცა — #1tvმეცნიერება
ნობელის პრემია ფიზიკაში სამ მეცნიერს შავ ხვრელთა შესახებ აღმოჩენებისთვის გადაეცა — #1tvმეცნიერება

ნობელის პრემია ფიზიკაში წელს სამ მეცნიერს გადაეცემა სამყაროს ყველაზე ეგზოტიკური ფენომენის, შავი ხვრელების შესახებ გაკეთებული აღმოჩენების გამო. ინგლისელმა როჯერ პენროუზმა აჩვენა, რომ შავი ხვრელები ფარდობითობის ზოგადი თეორიის პროგნოზის მიხედვით წარმოიქმნება. გერმანელმა რაინჰარდ გენცელმა და ამერიკელმა ანდრეა გეზმა კი აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავების ორბიტებს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული უხილავი, წარმოუდგენლად მასიური ობიექტი განსაზღვრავს. ამჟამინდელი ახსნის მიხედვით, ეს ობიექტი სუპერმასიური შავი ხვრელია და ასეთი ობიექტი უმეტეს გალაქტიკათა ცენტრშია მოთავსებული.

რობერტ პენროუზმა მახვილგონიერი მათემატიკური მეთოდებით დაამტკიცა, რომ შავი ხვრელები ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის პირდაპირი შედეგია. თავად აინშტაინს შავ ხვრელთა არსებობა ვერც წარმოედგინა. ეს სუპერმძიმე მონსტრები შთანთქავს ყველაფერს, რაც მათში შევა, გაქცევა სინათლესაც კი არ შეუძლია.

1965 წელს, აინშტაინის სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ, როჯერ პენროუზმა დაამტკიცა, რომ შავ ხვრელთა წარმოქმნა რეალურად შესაძლებელია და ისინი დეტალურად აღწერა; შავ ხვრელთა შუაგულში არის სინგულარობა, რომელში ბუნების ყველა ცნობილი კანონი მოქმედებას წყვეტს. მისი პიონერული სტატია დღემდე მიიჩნევა ფარდობითობის ზოგად თეორიაში შეტანილ ყველაზე დიდ წვლილად აინშტაინის შემდეგ.

რაინჰარდ გენცელი და ანდრეა გეზი ცალ-ცალკე ხელმძღვანელობდნენ ასტრონომთა ჯგუფებს, რომლებიც 1990-იანი წლებიდან ფოკუსირებული იყვნენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრზე, იგივე მშვილდოსანი A*-ზე. მათ რუკაზე უდიდესი სიზუსტით დაიტანეს ირმის ნახტომის ცენტრთან უახლოეს, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთა ორბიტები. ორივე ჯგუფის გაზომვები ერთმანეთს ემთხვევა და ორივე მათგანმა აღმოაჩინა წარმოუდგენლად მძიმე, უხილავი ობიექტი, რომელიც ვარსკვლავებს ექაჩება და თავის გარშემო უკიდურესად სწრაფად ამოძრავებს. ეს ობიექტი დაახლოებით მზის სისტემის ზომაშია, მაგრამ მასში თავმოყრილია დაახლოებით ოთხი მილიონი მზის მასა.

მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპების გამოყენებით, გენცელმა და გეზმა შექმნეს მეთოდები, რათა ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრის უზარმაზარ ღრუბლებს მიღმა გაეხედათ და ირმის ნახტომის ცენტრი დაენახათ. მიაგნეს ახალ მეთოდებს, რათა დაეკომპენსირებინათ დედამიწის ატმოსფეროს მიერ გამოწვეული დამახინჯებები, შექმნეს უნიკალური ინსტრუმენტები და საკუთარი თავი ხანგრძლივ კვლევებს მიუძღვნეს. მათი მოწინავე კვლევების წყალობით, ხელთ გვაქვს ამ დრომდე ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ირმის ნახტომის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობაზე მიუთითებს.

„წლევანდელ ლაურეატთა აღმოჩენებმა ახალი საფუძველი მოუმზადა კომპაქტურ და სუპერმასიურ ობიექტთა კვლევებს. თუმცა, ეს ეგზოტიკური ობიექტები ჯერ კიდევ მრავალ საიდუმლოს მალავენ, რაც თავის მხრივ მოტივაციაა სამომავლო კვლევებისთვის. ეს გახლავთ კითხვები არა მხოლოდ მათი შიდა სტრუქტურის შესახებ, არამედ ისიც, როგორ შევამოწმოთ ჩვენი თეორია გრავიტაციის შესახებ ექსტრემალურ გარემოში, შავი ხვრელის უშუალო სიახლოვეს“, — ამბობს ნობელის ფიზიკის კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ ჰავილანდი.

მომზადებულია nobelprize.org-ის მიხედვით.