აღადგინეს თუ არა მგლის გადაშენებული სახეობა — რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში #1tvმეცნიერება
კომპანია Colossal Biosciences-ი აცხადებს, რომ გადაშენებული სახეობა, ე. წ. საზარელი მგელი (Aenocyon dirus) აღადგინა.
„2024 წლის პირველ ოქტომბერს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენმა კომპანიამ მეცნიერების საშუალებით წარმატებით აღადგინა გადაშენებული სახეობა. ჩვენი ჯგუფი ამაყია, რომ ეკოსისტემაში ღირსეულ ადგილას დააბრუნა 10 000 წელიწადზე დიდი ხნის წინ გამქრალი მგლის სახეობა“, — წერს ამერიკული კომპანია საკუთარ ვებგვერდზე.
რა მოხდა სინამდვილეში
Colossal-ი ამტკიცებს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული სამი რუხი მგლის ლეკვი — ოქტომბერში დაბადებული ორი ხვადი, სახელად რემუსი და რომულუსი და იანვარში დაბადებული ძუ, სახელად ხალეესი — სინამდვილეში, საზარელი მგლები (Aenocyon dirus) არიან.
ბოლო პერიოდში, ამავე კომპანიამ გვამცნო „მატყლიანი“ თაგვებისა და თილაცინის, იგივე ტასმანიური ვეფხვის თითქმის სრული გენომის შექმნის შესახებ.
რა არის საზარელი მგელი
საზარელი მგლები ძაღლისებრთა ოჯახს მიეკუთვნებოდნენ და ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდნენ; გადაშენდნენ დაახლოებით 10 000 წლის წინ. იყვნენ საკმაოდ ტანიანი მგლები თეთრი ბალნით. მსოფლიოში სახელი გაითქვეს სერიალ „სამეფო კარის თამაშებიდან“.
არის თუ არა საზარელი მგელი მგლის გადაშენებული სახეობა?

არა. ფიზიკურ მსგავსებებზე დაყრდნობით მიიჩნეოდა, რომ რუხი მგლები და საზარელი მგლები ძლიერ ახლო ნათესავები იყვნენ, მაგრამ 2021 წელს უძველეს დნმ-ზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო საერთო წინაპარი მათ დაახლოებით ექვსი მილიონი წლის წინ ჰყავდათ. მიუხედავად მსგავსი გარეგნობისა, რუხ მგლებს (Canis lupus) უფრო ახლოს ენათესავებიან ტურები, აფრიკული გარეული ძაღლები და წითელი მგლები, ვიდრე საზარელი მგლები.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დიდი გენეტიკური სხვაობებია რუხ მგლებსა და საზარელ მგლებს შორის?

კომპანია Colossal-ის წარმომადგენელი ბეთ შაპირო ამბობს, რომ მისმა ჯგუფმა საზარელი მგლის სრული გენომი გაშიფრა (სეკვენირება) და მალე მას საჯაროდ გამოაქვეყნებს. შაპირო არ ამბობს, რამდენი განსხვავებაა, მაგრამ ამბობს, რომ ორი სახეობის დნმ 99,5 პროცენტით საერთოა. ვინაიდან ნაცრისფერი მგლის გენომი დაახლოებით 2,4 მილიარდი ფუძის წყვილია, გამოდის, რომ სხვაობა შეიძლება მილიონობით ფუძე-წყვილს შეადგენდეს.
ამტკიცებს თუ არა Colossal-ი, რომ რუხი მგლები საზარელ მგლებად მხოლოდ 20 გენის რედაქტირებით გარდაქმნა?

ეს მხოლოდ პრეტენზიაა. როგორც შაპირომ გამოცემა New Scientist-ს განუცხადა, სინამდვილეში, ამ 20 ცვლილებიდან ხუთი ეფუძნება მუტაციებს, რომლებიც რუხ მგლებში ღია ფერის ბალანს წარმოქმნიან. მხოლოდ 15 ცვლილება ეფუძნება პირდაპირ საზარელი მგლის გენომს და მათი დანიშნულებაა ცხოველის ზომის, მუსკულატურისა და ყურის ფორმის შეცვლა. მისი განცხადებით, წელიწადი ან მეტი დასჭირდება, ვიდრე გამოჩნდება, აქვს თუ არა ამ ცვლილებებს მოსალოდნელი ეფექტი გენეტიკურად მოდიფიცირებულ ცხოველებზე.
არიან თუ არა ეს ლეკვები ნამდვილად საზარელი მგლები?
შაპირო ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სახეობის განსაზღვრებაზე.
„სახეობის კონცეპტები ადამიანის კლასიფიკაციის სისტემებია, რასაც ყველა შეიძლება არ დაეთანხმოს ან ყველა შეიძლება მართალი იყოს. შეგიძლია გამოიყენო ფილოგენეტიკური (ევოლუციური კავშირები) სახეობის კონცეფცია, რათა განსაზღვრო, რას დაუძახებ სახეობას, რომელსაც გულისხმობ… ჩვენ სახეობის მორფოლოგიურ კონცეფციას ვიყენებთ და ვამბობთ, რომ თუ ისინი ამ ცხოველს ჰგვანან, ისინი სწორედ ეს ცხოველები არიან“, — აღნიშნავს კომპანია Colossal-ის წარმომადგენელი ბეთ შაპირო.
რა ბედი ელით გენეტიკურად მოდიფიცირებულ რუხ მგლებს, რომლებიც საზარელ მგლებს ჰგვანან?
შაპიროს განცხადებით, ისინი 800 ჰექტრის ფართობის ნაკრძალში იზრდებიან, სადაც აკვირდებიან და უვლიან.
„ჩვენ გარეშე ვერაფერს ჭამენ. მათი გამრავლება არ იგეგმება“.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.