მეცნიერებმა კორონავირუსის სტრუქტურა მუსიკად გარდაქმნეს — ვირუსთან ბრძოლის კიდევ ერთი გზა
ალბათ უკვე ასობით ფოტო ნახეთ, რომელზეც დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2-ია ასახული. ამჯერად, მეცნიერებმა მიაგნეს გზას, რომ ის მოისმინოთ კიდეც — ვირუსის ცნობილი წვეტი ცილების სტრუქტურა მათ მუსიკად გადათარგმნეს.
ხმები, რომლებიც გესმით — ზარები, სიმები, ფლეიტა — წარმოადგენს წვეტების მსგავსი ცილის განსხვავებულ ასპექტებს. სწორედ ამ წვეტების საშუალებით აღწევს ვირუსი ჩვენს უჯრედებში. ყველა სხვა ცილების მსგავსად, ეს წვეტი ცილებიც ამინომჟავების სხვადასხვა კომბინაციისგან შედგება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა ახალი ტექნოლოგიის, სახელად სონიფიკაციის გამოყენებით, თითოეული ამინომჟავა უნიკალურ მუსიკალურ ნოტს შეუსაბამეს და შედეგად, მთლიანი ცილა მუსიკალურ მონახაზად გარდაქმნეს.
თუმცა რეალურ ცხოვრებაში, ეს ამინომჟავები სპირალივით არის დახვეული ან ფირფიტასავით გაჭიმული. ეს მახასიათებლები მკვლევრებმა ნოტების ხანგრძლივობისა და ხმის შესაცვლელად გამოიყენეს. საკუთარი ხმა გამოსცა სითბოს გამო წარმოქმნილმა მოლეკულურმა ვიბრაციებმაც.
საინტერესოა, რატომ უნდა გარდაქმნა ვირუსი მუსიკად? საქმე ის არის, რომ ახალი ფორმატი მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს ცილის იმ ადგილების მოძებნაში, საიდანაც ის ანტისხეულებმა ან პრეპარატებმა შებოჭოს; ამისათვის კი უბრალოდ საჭიროა სპეციფიკური მუსიკალური მიმდევრობების პოვნა, რომლებიც ასეთ ადგილებს შეესაბამება. მკვლევართა განცხადებით, ეს მეთოდი უფრო სწრაფი და ინტუიციურია, ვიდრე ცილების შესწავლის ტრადიციული მეთოდები, მაგალითად, მოლეკულური მოდელირება. მათივე თქმით, თუკი წვეტი ცილების მუსიკალურ მიმდევრობას შევადარებთ სხვა სონიფიცირებულ ცილათა უფრო დიდ მონაცემთა ბაზას, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ვიპოვოთ ის ადგილი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ წვეტების განეიტრალება და შესაბამისად, ვირუსისთვის უჯრედში შეღწევის უნარის წართმევა.
რაც შეეხება ინსტრუმენტებს, ისინი მთლიანად მკვლევართა გემოვნებით არის შერჩეული. მთავარ ნოტებს უკრავს იაპონური სიმებიანი ინსტრუმენტი კოტო, რომელიც იმდენად სასიამოვნო ბგერებს გამოსცემს, რომ ამ ცუდ პერიოდში შეიძლება ერთგვარი სიამოვნებაც მოგგვაროთ,
მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.