მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი კონტინენტური რიფტის ანომალიური დეფორმაციის მიზეზი გაარკვიეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი კონტინენტური რიფტის ანომალიური დეფორმაციის მიზეზი გაარკვიეს — #1tvმეცნიერება

დედამიწის უდიდესი კონტინენტური რიფტი, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემა გეოლოგებისთვის ნამდვილი თავსატეხი იყო, მაგრამ ახალმა კვლევამ, რომელშიც კომპიუტერული მოდელები და თანამგზავრული GPS მონაცემები გამოიყენეს, მას ამოხსნა მოუძებნა.

რიფტებს ტექტონიკური ფილების ერთმანეთისგან დაშორება წარმოქმნის, რაც ლითოსფეროს (დედამიწის ქერქი და ზედა მანტია) გაჭიმვას და გახეთქვას იწვევს. შედეგად, ხდება დედამიწის ზედაპირის დეფორმაცია, ძირითადად ფილების მოძრაობის პერპენდიკულარულად.

თუმცა, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემის შემთხვევაში ასე არ არის.

იქ დეფორმაციები ვრცელდება ფილების მოძრაობის როგორც პერპენდიკულარულად, ისე პარალელურად. გეოლოგიური დაკვირვებების საფუძველზე, ისეა, თითქოს რიფტი ერთდროულად მრავალი სხვადასხვა მიმართულებით არის დახეთქილი.

ახალი კვლევის ავტორთა მიერ შექმნილი 3D მოდელები მიუთითებს, რომ ეს ჭარბი პარალელური დეფორმაცია განპირობებულია აფრიკული სუპერჭავლით — ჩვენი პლანეტის სიღრმიდან ცხელი მანტიის მასიური ამომაღლებით, რასაც ზედაპირისკენ სიცხე მოაქვს.

ნაწილობრივ გამდნარი ქანების ეს ამომაღლება აფრიკის სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით არის გადაჭიმული, გზადაგზა თხელდება და მის ქვეშ აყალიბებს მანტიის დინებას.

ნიუ-მექსიკოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოფიზიკოს ტაჰირი რაიაონარისონის განცხადებით, ისე ჩანს, რომ მანტიის დინება შეიძლება განაპირობებდეს ჩრდილოეთით მიმართულ ანომალიურ დეფორმაციას, რიფტის პარალელურად.

აფრიკული სუპერჭავლი სავარაუდოდ ასევე განაპირობებს გარკვეულ სეისმურ ანიზოტროპიას — მანტიაში გეოლოგიური ძალების საპასუხოდ ქანების განლაგებას გარკვეული მიმართულებით, რაც აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემის ქვეშ ხდება და მკვლევრებს აქამდეც ჰქონდათ შემჩნეული.

წინა კვლევაში ამავე ჯგუფმა შეისწავლა იმ ძალების ნაზავი, რომლებიც შეიძლება რიფტზე მოქმედებდნენ. მათ შორის არის ზედაპირული ლითოსფერული ამომგდები ძალა (ზემოთ მიმართული ძალა, რომელსაც წარმოქმნის ლითოსფეროს ნაკლები სიმკვრივე მანტიასთან შედარებით) და ღრმა მანტიის ხახუნის ძალა (იწვევს მანტიაში მასალების მოძრაობა).

ისე ჩანს, რომ აღმოსავლეთ აფრიკის რიფტულ სისტემაში ორივე ძალა უნდა მოქმედებდეს, ახალი კვლევა ღრმა მანტიის ძალებზე მიუთითებს, რომელსაც აფრიკული სუპერჭავლი წარმოქმნის და პასუხისმგებელია პარალელურ დეფორმაციებზე, ტიპურ პერპენდიკულარულ ნაპრალებს კი ლითოსფერული ამომგდები ძალა წარმოქმნის.

„დავადასტურეთ აქამდე არსებული იდეა, რომ რიფტს ლითოსფერული ამომგდები ძალები მართავენ, მაგრამ მივიღეთ ახალი ცნობებიც იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში შეიძლება ხდებოდეს ანომალიური დეფორმაცია“, — ამბობს რაიაონარისონი.

აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემა 6400 კილომეტრზეა გადაჭიმული და მეცნიერთა ვარაუდით, მილიონობით წლის შემდეგ, ის აფრიკას ორად გაყოფს. ლითოსფეროს გათხელებასთან ერთად, რეგიონში უფრო ხშირად ხდება მიწისძვრები და იშლება ქანების სტრუქტურები.

თუმცა, ასეთი ფართომასშტაბიანი გეოლოგიური მოძრაობის პროგნოზირება წარმოუდგენლად რთული ამოცანაა. მკვლევართა ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა სხვადასხვა სახის დეფორმაცია, რომლებიც ერთდროულად შეიძლება მოხდეს, დაახლოებით ისე, როგორც ე. წ. ტყლარწთან მუშაობისას.

„თუკი ტყლარწს ჩაქუჩს დაარტყამთ, შეიძლება დაიბზაროს და დაიშალოს. მაგრამ თუ ნელა გაწელავთ, გაიჭიმება. შესაბამისად, სხვადასხვა დროს, დედამიწის ლითოსფერო სხვადასხვანაირად იქცევა“, — ამბობს ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი სარა სტამპსი.

კვლევა Journal of Geophysical Research: Solid Earth-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.vt.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.