200 მილიონი წლის შემდეგ, აფრიკისა და ინდოეთის შეჯახების შედეგად, დედამიწაზე უდიდესი მთები გაჩნდება — #1tvმეცნიერება
200 მილიონი წლის შემდეგ, აფრიკისა და ინდოეთის შეჯახების შედეგად, დედამიწაზე უდიდესი მთები გაჩნდება — #1tvმეცნიერება

გეოგრაფიის ყველა სასკოლო სახელმძღვანელოში ნახავთ რუკებს, რომლებიც დღევანდელ დედამიწას ჰგავს, მაგრამ არც ისე, რადგან ყველა კონტინენტი ერთ სუპერკონტინენტად არის შერწყმული. ეს რუკები კარგად ხსნის, თუ რატომ ჰგავდნენ ერთმანეთს ძალიან დინოზავრები სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

ასეთი პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციები იმ პროცესთა კვლევის კონტექსტს გვთავაზობს, რომლებმაც ჩვენს პლანეტას მისცა ფორმა: ფილების ტექტონიკა, ვულკანიზმი, მთების წარმოქმნა და მათი ურთიერთქმედება ოკეანეებთან, ატმოსფეროსთან, მზესთან, რაც აყალიბებს კლიმატსა და სიცოცხლეს. გასული ათი წლის განმავლობაში ძლიერ განვითარდა პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ასეთი რეკონსტრუქციების შექმნის საშუალებას აძლევს.

თუმცა, თუ პალეოგეოგრაფიული რუკები უკვე შეტანილია ჩვენს ძირითად სასკოლო სახელმძღვანელოებში, რის აღმოჩენას ცდილობენ გეოლოგები? უბრალოდ დეტალების?

გარკვეულწილად დიახ, შორეულ წარსულში ფილების მოძრაობის დეტალების გარკვევამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას.

მაგალითად, დიდმა ოკეანურმა დინებებმა შეიძლება უცბად შეიცვალოს მიმართულება, როდესაც ვიწრო ოკეანური დერეფნები იხსნება ან იხურება, როგორიც არის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის; ანდაც როდესაც წყალი უცბად მიაწყდა გიბრალტარის სრუტეს და ხმელთაშუა ზღვა აავსო.

ასეთი დერეფნების მცირე სხვაობებმა დროსა და ადგილში შეიძლება არასწორად წარმოაჩინოს ის, რაზეც ვფიქრობდით, რომ წარსულში კლიმატის ცვლილებები უნდა გამოეწვია.

პალეოგეოგრაფიის უდიდესი პრობლემა დეტალები არ გახლავთ; საქმე ის არის, რომ დედამიწის ქერქის 70 პროცენტი, რომელიც 150-200 მილიონი წლის წინ არსებობდა, როდესაც პლანეტაზე უკვე დააბიჯებდნენ დინოზავრები, დედამიწის შიდა მანტიაში ჩაიძირა.

პალეოგეოგრაფიულ რუკებზე ამჟამად ჩაძირული ეს ზონები მონიშნულია, მაგრამ მხოლოდ უმარტივესი შესაძლო სცენარების გამოყენებით, ბევრი დეტალის გარეშე.

გეოლოგიურ მასალებში ამ ჩაძირული ქერქის ნაშთები შემორჩენილია, რომელთა საფუძველზეც, მკვლევრები დედამიწის „დაკარგული“ ზედაპირის შესწავლას ცდილობენ.

მრავალი მთა, მათ შორის ჰიმალაებიც, წარმოქმნილია ჩაძირულ ფილას მოწყვეტილი, შემდეგ კი დაკეცილი და ერთმანეთზე დაწყობილი ქანებისგან. მათში არსებულ ქანებს, ნამარხებსა და მინერალებს შეუძლიათ გვითხრან, სად და როდის წარმოიქმნა ეს ქანები.

ამის შემდეგ, გეოლოგებს შეუძლიათ ეს ყველაფერი შეაჯამონ და გაარკვიონ, როგორ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული ეს კონტინენტები, ღრმა აუზები და ვულკანები.

მთები 200 მილიონი წლის შემდეგ

ბოლო წლებში, მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ თუ შესაძლებელი იყო თანამედროვე მთების პალეოგეოგრაფიის რეკონსტრუქცია, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო სამომავლო მთების პროგნოზირებაც.

ორგანიზაცია გლობალური ტექტონიკისა და პალეოგეოგრაფიის თავმჯდომარის, ურტეხტის უნივერსიტეტის მკვლევარ დუვე ფონ ჰინსბერგენის განცხადებით, ერთხელაც ის მიხვდა, რომ ეს ფრიად საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა. სამომავლო ქედების არქიტექტურის პროგნოზი მოითხოვს „მთების მშენებლობის წესების“ ფორმულირებას, რაც აქამდე არ მომხდარა.

შედეგად, შესაძლებელი უნდა გახდეს იმის პროგნოზირება, როგორ გარდაიქმნება ჩვენთვის ნაცნობი გეოგრაფია მთების სარტყლებად, რაც იმაზეც შეგვიქმნის წარმოდგენას, როგორ გამოიყურებოდა სამუდამოდ დაკარგული ფილები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც რაიმე ნარჩენის გარეშე ჩაიძირა. საინტერესოა, როგორი იქნება სამომავლო მთები? დღევანდელის მსგავსი?

წესების ჩამოყალიბების მიზნით, ფონ ჰინსბერგენმა შეადარა, რომელი მახასიათებლებია მთის სარტყლებში უფრო გავრცელებული. შედეგად მიიღეს იმ მთების სარტყლის გეოლოგიური არქიტექტურა, რომლებიც შემდეგი 200 მილიონი წლის განმავლობაში წარმოიქმნება სომალიში, აფრიკისგან მოწყვეტისა და ინდოეთთან შეჯახების გზით.

ამ გზით წარმოქმნილ ქედს მეცნიერებმა „სომაიალას მთები“ უწოდეს და ისინი შეიძლება იმ დროის ჰიმალაები იყოს. სომალაიასა და დღეს არსებულ მთებს შორის მსგავსებათა შემჩნევამ შეიძლება ისეთი გადაწყვეტებით უზრუნველგვყოს, რომლებსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით პალეოგეოგრაფიულ ევოლუციაში.

მაგალითად, ამავე კვლევის მიხედვით, მთის სარტყელი შეიძლება წარმოიქმნას მადაგასკარსა და აფრიკას შორის არსებულ უბეში; ის ძლიერ მოღუნული იქნება, დაახლოებით კარპატების ან ინდონეზიის ბანდას კუნძულების მსგავსად.

პირველ რიგში, ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი სომალის ქვეშ 50 კილომეტრით ან მეტით ჩაიმარხება, მაგრამ ამის შემდეგ, სომალი ბრუნვას დაიწყებს და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი კვლავ გამოჩნდება; ეს გეოლოგიური ისტორია ძლიერ ჰგავს დაახლოებით 400 მილიონი წლის წინანდელ დასავლეთ ნორვეგიისას.

ასეთი ექსპერიმენტები მეცნიერებს იმის გაანალიზებაში ეხმარება, რაც მათ დედამიწის ფილებისა და ზედაპირის ისტორიის რეკონსტრუქციისას გამორჩათ. რაც უფრო უკეთესი იქნება ეს რეკონსტრუქციები, მით უკეთესად შეგვეძლება დედამიწის ისტორიისა და ქცევის, მისი რესურსებისა და მათი გამოყენების ეფექტების პროგნოზი.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.