მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ და რატომ გახდა ანდების მთები ასე ძალიან მაღალი — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ და რატომ გახდა ანდების მთები ასე ძალიან მაღალი — #1tvმეცნიერება

ნებისმიერი საზომით, ანდების მთები ძალიან, ძალიან დიდია. გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკაში, თითქმის 8900 კილომეტრის სიგრძეზე, სიგანეში 700 კილომეტრამდე აღწევს, სიმაღლეში კი 7 კილომეტრამდე.

საინტერესოა, როგორ გახდა ასე გიგანტური ეს მასივი? ფილების ტექტონიკას, ანუ დედამიწის ქერქის დიდი ბლოკების მოძრაობას შეუძლია წარმოქმნას მთის ქედები, რადგან ნელი მონაკვეთები სწრაფად მოძრავებს მაღლა აწევას აიძულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია თეორიულად მარტივია, გეოლოგებისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა ტექტონიკურ მოძრაობათა სიჩქარის თვალყურის დევნება 10-15 მილიონ წელიწადზე ნაკლებ დროის მასშტაბებში.

სამხრეთ ამერიკის იმ ფილის დეტალურად შესასწავლად, რომელმაც ანდების მთები წარმოქმნა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახლახან შექმნილი მეთოდი გამოიყენეს. დადგინდა, რომ დაახლოებით 10-14 მილიონი წლის წინ, ფილის ზოგიერთ ნაწილში მოხდა 13-პროცენტიანი შენელება, 5-9 მილიონი წლის წინ კი 20-პროცენტიანი შენელება, რაც საკმარისია, რათა დღეს არსებულ ზოგიერთი მახასიათებელი აიხსნას.

„ამ ორ შენელებამდე პერიოდში, უშუალოდ დასავლეთით მდებარე ნასკას ფილა მთებში შეიზილა და შეკუმშა, რამაც მათი სიმაღლეში გაზრდა გამოიწვია“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გეოლოგი ვალენტინა ესპინოსა.

მისი განცხადებით, ეს შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ უკვე არსებული ქედის ნაწილი მუხრუჭის როლს ასრულებდა როგორც ნასკას, ისე სამხრეთ ამერიკის ფილებისთვის. როდესაც ფილების სიჩქარე შენელდა, მთები უფრო გაფართოვდა.

კვლევაში გამოყენებული მეთოდი იწყება ფილების აბსოლუტური მოძრაობით (APM) — ფილების მოძრაობით დედამიწის ფიქსირებულ წერტილებთან მიმართებაში. APM ძირითადად განისაზღვრება ქერქში ვულკანური აქტივობის შესწავლით, სადაც მაგმის კვალი გეოლოგებს ეუბნება, როგორ გადაადგილდნენ ფილები.

შემდეგ მოდის ფილების ფარდობითი მოძრაობა (RPM) — ფილების მოძრაობა ერთმანეთთან მიმართებაში. მას მინიშნებათა უფრო ფართო სპექტრით ითვლიან, მათ შორის ოკეანის ფსკერში ჩაჭედილი მაგნეტიზაციის მონაცემებით, რაც ქანების მოძრაობის მანიშნებელია და ფილების აბსოლუტურ მოძრაობაზე უფრო მაღალი რეზოლუციის მონაცემებს გვთავაზობს.

სამხრეთ ამერიკის ფილის მოძრაობის მაჩვენებლის დასადგენად, გეოლოგებმა მაღალი რეზოლუციის RPM მონაცემები გამოიყენეს და მათემატიკური გამოთვლებით შეაფასეს APM. ეს მეთოდი პროგნოზირებულ მონაცემებს ადასტურებს ისეთი გეოლოგიური მონაცემებით, რომლებშიც დარწმუნებული ვართ; შედეგად, მკვლევრები გაცილებით მეტს იგებენ ტექტონიკურ ფილებს შორის მიმდინარე ურთიერთქმედების შესახებ.

„ამ მეთოდის გამოყენება ყველა ფილისთვის შეიძლება, ვიდრე ხელმისაწვდომია მაღალი რეზოლუციის მონაცემები. ვიმედოვნებ, რომ ამ მეთოდით მოხდება ტექტონიკური ფილების ისტორიული მოდელების დახვეწა და შესაბამისად, გაიზრდება შანსი, რომ მოხდეს ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარი გეოლოგიური ფენომენების რეკონსტრუქცია“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გეოლოგი ჯამპიერო ლაფალდანო.

ჯგუფმა ასევე განიხილა, პირველ რიგში, რატომ მოხდა ეს ორი მნიშვნელოვანი შენელება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მილიონი წელი ჩვენთვის ბევრია, გეოლოგიური თვალსაზრისით სულ ერთი თვალის დახამხამებაა.

ერთი ვარიანტი ის არის, რომ მანტიაში შეიცვალა კონვექციური დინებები, სხვადასხვა სიმკვრივის მატერიის გადაადგილება. ასევე შესაძლებელია, რომ მიზეზი იყო ფენომენი, სახელად განშრევება, რომელშიც ფილის მნიშვნელოვანი ნაწილი მანტიაში დაბლა იძირება. ორივე მოვლენას დამრტყმელი ეფექტი უნდა ჰქონოდა, რაც გავლენას ახდენს ფილის მოძრაობის სიჩქარეზე.

ყველაფრის დაზუსტებით დასადგენად, კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო და ამაში სწორედ ახალი მეთოდი დაგვეხმარება. მაშინაც კი, როცა ერთ კითხვაზე ვცემთ პასუხს, ჩნდება სხვა უამრავი ახალი კითხვა.

„თუ ეს ახსნა მართებულია, ბევრ რამეს გვეუბნება ამ უზარმაზარი მთის მასივის წარმოქმნის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. რატომ გაიზარდა ამხელა? რა სიჩქარით წარმოიქმნა? როგორ ინარჩუნებს მთის მასივი საკუთარ თავს? დაიშლება თუ არა საბოლოოდ?“, — ამბობს ესპინოსა.

კვლევა Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ku.dk-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.