აფრიკაში, ეთიოპიაში აღმოჩენილი ჩვენი ავსტრალოპითეკი წინაპრის ნაშთებისგან მეცნიერებმა მისი სახე აღადგინეს.
ამ დრომდე ჰომინის ეს სახეობა ჩვენთვის ცნობილი იყო მხოლოდ თავის ქალის ფრაგმენტების, კბილებისა და კიდურების ძვლებიდან. ადგილობრივმა ალი ბერეინომ ამ მოუხელთებელი თავის ქალის პირველი ფრაგმენტი მაშინ აღმოაჩინა, როცა საკუთარი თხებისთვის მიწას ამუშავებდა.
თავის ქალის ნაშთები ქვიშაქვის ფენაში აღმოაჩინეს; დაფარული იყო 30 სმ სისქის თხების ექსკრემენტებით. Სავარაუდოა, რომ ნამარხების გარკვეული ნაწილი ცხოველებმა ჩლიქებით გაანადგურეს.
მეცნიერებმა გულდასმით გათხარეს თითქმის 25 კვადრატული მეტრის ზონა და აღმოაჩინეს თავის ქალის კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი.
საერთო ჯამში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს სახის კომპონენტი, თავის ქალის ტვინის მიდამოს ნაწილი, მარცხენა ყვრიმალის ძვლის ორი ნაწილი და სხვა ფრაგმენტები; ყველა მათგანი ერთ თავის ქალას ეკუთვნის. ნაშთების შეერთების შემდეგ, მეცნიერებმა მიიღეს სახის ის მახასიათებლები, რომლებიც აქამდე არასოდეს ენახათ.
პალეოანთროპოლოგ იოჰანეს ჰაილე-სელასიეს განცხადებით, ეთიოპიაში, კენიაში და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევების შემდეგ, მან და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ვრცელი შედარებითი ანალიზები.
ეთიოპიაში აღმოჩენილი ნამარხის, ავსტრალოპითეკ ანამენისის (Australopithecus anamensis) მორფოლოგიური მახასიათებლები ჯგუფმა შეადარა ჰომინინებისა და პრიმატების სხვა სახეობებს, მათ შორის ავსტრალოპითეკ აფარენსისისას — სახეობას, რომელსაც სახელგანთქმული ნამარხი „ლუსიც“ მიეკუთვნებოდა.
ჰაილე-სელასიეს განცხადებით, თავის ქალა უფრო ავსტრალოპითეკ ანამენსისს; ამას შეესაბამება მისი ასაკიც. Ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თანამედროვე ადამიანის მსგავსთა თავის ქალის მორფოლოგია ჩვენს ევოლუციაში მოგვიანებით ჩამოყალიბდა. 3,8 მილიონი წლის წინ, ჩვენი წინაპრები უფრო მაიმუნებს ჰგავდნენ, ვიდრე ადამიანებს.
პალეოანთროპოლოგ სტეფანიო მელილიო აღწერს, ამ თავის ქალის რომელი მორფოლოგიური მახასიათებლები განსხვავდება უფრო ადრეულ პრიმატთა სახეობებისგან.
მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთია პატარა, ძაღლის ზომის თავის ქალა, მეორე კი სახის სტრუქტურა, რომელიც უფრო ფართო და ძლიერია. სახის ძვლებს შეუძლია ძლიერი ღეჭვით გამოწვეული დაძაბულობისთვის გაძლება. ეს ყველაფერი დამახასიათებელია ავსტრალოპითეკისთვისაც.
მეცნიერთა აზრით, თავის ქალა ზრდასრულ მამრს ეკუთვნოდა.
მელილიოს განცხადებით, ამ დრომდე დიდი ნაპრალი არსებობდა ადამიანთა ჩვენთვის ცნობილ უძველეს წინაპრებსა შორის, რომელთაგან უძველესი დაახლოებით 6 მილიონი წლისაა, „ლუსი“ და მისი მსგავსი სახეობები კი 2-3 მლნ წლის.
აღმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ასპექტია, თუ როგორ აკავშირებს ის მორფოლოგიურ სივრცეს ამ ორ ჯგუფს შორის.
ეს აღმოჩენა კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ავსტრალოპითეკ ანამენსისი ყველაზე პრიმიტიული ავსტრალოპითეკია. გარდა ამისა, მანვე შეიძლება შეცვალოს წარსულში მიღებული ევოლუციური სცენარი, რომლის თანახმადაც, ავსტრალოპითეკ აფარენსისი თანდათანობით ჩაანაცვლა ავსტრალოპითეკ ანამენსისმა.
თავის ქალის ძვლები, რომლებიც წარსულში ავსტრალოპითეკ ანამენსისს დაუკავშირეს, როგორც ჩანს, ახლა უკეთ ემთხვევა ავსტრალოპითეკ აფარენსისს, მიუხედავად იმისა, რომ 3,9 მლნ წლისაა. ეს და სხვა მახასიათებლები გვაფიქრებინებს, რომ ორი სახეობა ერთმანეთს ევოლუციურად გამოეყო, მაგრამ მაინც მრავალი საერთო ჰქონდათ სულ მცირე 100 000 წლის განმავლობაში.
თავის ქალაში აღმოჩენილ ვულკანურ ქანებზე დაყრდნობით, მკვლევართა მეორე ჯგუფმა დაადგინა, რომ მისი ასაკი 3,8-3,7 მილიონი წელია. მიმდებარე გარემოში, იგივე ვულკანურ ფენაში აღმოჩენილ სხვა ბიოლოგიურ კვალზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დახატეს იმ გარემოს სურათი, რომელშიც ჩვენს წინაპრებს უხდებოდათ ცხოვრება.
ბოტანიკური კვალი, მაგალითად მცენარეების მტვრისა და ფოთლების ცვილის ნაერთები მიუთითებს, რომ თავის ქალის აღმოჩენის ადგილი წარმოადგენდა ტყეებით გარშემორტყმულ მდინარის დელტას, მაგრამ მისი მიმდებარე ზონა, სადაც ჰომინინები დაეხეტებოდნენ, ძირითადად მშრალი ბუჩქნარითა და ბალახით უნდა ყოფილიყო დაფარული.
სიახლოვეში ასევე აღმოაჩინეს ამჟამად გადაშენებული რამდენიმე პრიმატის, ჟირაფის, ანტილოპას, მარტორქასა და ცხენის ნამარხები. იქვე იპოვეს ძაღლისა და აფთრის მონათესავე სახეობათა ძვლები.
როგორც კბილების ანალიზები მიუთითებს, ავსტრალოპითეკ ანამენსისი იკვებებოდა ძირითადად მცენარეული საკვებით.
ეთიოპიის ამ არქეოლოგიურ ძეგლზე მეცნიერები უკვე 15 წელია მუშაობენ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.