ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
შესაბამისად, ჟვანიას თქმით, წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს.
„პირველად ვამბობ ამას თქვენს ეთერში, პირველად გაიგებს ახლა თქვენი საზოგადოება – სულ ახლახანს მცხეთაში დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საჩივრები, მაგრამ არასწორად შეტანილი და განუხილველად დარჩა, ამ შემთხვევაში ქსნის ციხის შედეგებს ეხება საკითხი, საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. დღეს ზუსტად რამდენიმე წუთის წინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად წინასწარი მონცემებით იწვევს ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით, ასე იკვეთება. იქ არასწორად იყო ბიულეტენები გადაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს, გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიდა შალვა კერესელიძე, რომელსაც წინასწარი შედეგებით, 50,1% აქვს აღებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატია ცეზარი ჩოჩელი, რომელმაც წინასწარი შედეგების მიხედვით, 33,42% მიიღო.
#არჩევნები2020 პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება #თავისუფალიხედვა #LIVE