მცხეთის რაიონულ სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 

მცხეთაში მომხდარ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ბრალდებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბექა და გიორგი შენგელია საქმეზე უკანონოდ დააკავეს და მათი ავტომობილი პოლიციის კუთვნილ ავტომობილს არ დაჯახებია.

ამასთან, როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალს არ აღიარებს.

„კამერის ბევრი ჩანაწერია ამოღებული, მაგრამ შეჯახების მომენტს არც ერთი იღებდა. ამ დღემდე რატომ არ არის არც ერთი ჩანაწერი ამოღებული, რომელიც შეჯახებას ასახავს. ჩემს მანქანას მარცხენა სარკე მოატეხა პოლიციელმა მიქიაშვილმა. მარცხენა მხარეს მიედო, საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა ჯებირს. ჩვენს შორის შემხებლობა არ ყოფილა. ვიდრე სარკეს მოტეხავდა, დავინახე, ხელში „გლოკის“ ტიპის იარაღი ეჭირა. რომ ნახა, არ ვჩერდებოდი, მოუმატა სიჩქარეს. თავიდან მივდიოდით 110-120 კმ სიჩქარით. ვნახე „შკოდას“ მარკის მანქანა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ვიდრე იარაღს არ დამიმიზნებდა, არ ვიცოდი, რომ პოლიციელი იყო. ფრთხილად მივდიოდი, არაფერი დაგვიშავებია. თავდასხმა თუ მინდოდა, არაგვის ხიდზე რატომ დავესხმებოდი? დამიმტკიცეთ, ეგ მომენტი გვაჩვენეთ. მთავარი არ ჩანს, რასაც მედავებით. მაგ პოლიციელს კიდევ ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რა დაზიანება აქვს. იმედი მაქვს ჭეშმარიტების და რომ გაირკვევა ყველაფერი, რაც დავაშავე, პასუხს ვაგებ, ვერ ავარიდებ“, – განაცხადა ბექა შენგელიამ.

ბრალდებულ გიორგი შენგელიას ადვოკატმა გიორგი საძაგლიშვილმა განაცხადა, საქმის მასალები ერთი საათის წინ მიიღო და აღნიშნა, რომ მასალების ნაწილის გაცნობის შემდეგ, აღკვეთის შეფარდების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.

„საქმის მასალების გაცნობა პრაქტიკულად ვერ მოვასწარი, არის ვიდეოც და წერილობითი მტკიცებულებები, თუმცა ჯერ შინაარსი არ ვიცი. თქმა გამიჭირდება იმის, რაიმე ინფორმაციის შემცველი არის თუ არა, რაც ამ პირების ბრალეულობას ადასტურებს. ერთი საათია, რაც მასალები მივიღე. რაც შევძელი, მასალების ნაწილის გაცნობის შემდეგ, აღკვეთის შეფარდების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. ჩემს შემთხვევაში, გიორგი შენგელიას ვიცავ და მის მიმართ რა მტკიცებულება უნდა ჰქონდეთ, რომ შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. არის სპეფიციკური მუხლი და პირის სუბიექტური დამოკიდებულებაა, თავდასხმა გამიზნულად განახორციელოს პოლიციელზე. ჯერ ეს ბექა შენგელიას უნდა ჰქონოდა გამიზნული. თუ დევნა და დაჯახება იყო, მაშინ ეს უნდა შეფასდეს. ეს არ არის უბრალოდ ტყვიის სროლა ან მოლოტოვის კოქტეილის სროლა მანქანაზე, ეს უნდა შეფასდეს, რამდენად იყო თავდასხმა. ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, დაკავებულები დასავლეთიდან თბილისში დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოემართებოდნენ, მათ მანქანაზე ძებნა იყო გამოცხადებული და სწორედ ამიტომ, ისინი განზრახ დაეჯახნენ პოლიციის ავტომობილს.

„დაკავებულებმა ზუგდიდში დაჭრეს პიროვნება, რის შემდეგაც, მოემართებოდნენ თბილისის მიმართულებით. მცხეთის ტერიტორიაზე მისდევდა საპატრულო პოლიცია, მანქანა გადაცემული იყო შეჩერებაზე. არ დაემორჩილნენ პოლიციას. უფრო მეტიც, ავტომობილის მძღოლმა, ბექა შენგელიამ, განზრახ დაარტყა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ავტომანქანას უკანა მხრიდან და შუა ავტობანზე პოლიციის მანქანა ამოატრიალა. ამის შემდეგ, ავტომობილმა თბილისის მიმართულებით მოძრაობა გააგრძელა. ორი კვირის მანძილზე, ავტომანქანაში მყოფი სამივე პირი, მათ შორის, ბექა შენგელია, თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე დაიმალნენ. რაც შეეხება დაკავების მომენტს, ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ეს ადამიანები პოლიციას ემუქრებოდნენ ხელყუმბარის აფეთქებით და ა.შ. თურმე, ამის შემდეგ, ეს ადამიანები მსხვერპლები არიან. ერთადერთი რამ არ მესმის, რატომ არიან ეს ადამიანები მსხვერპლები და რატომ არ არიან ისინი მაღალი ხარისხის დამნაშავეები. ოჯახის წევრებს შეჯახების შემდეგ ავტომანქანა არ უნახავთ. დათვალიერებისას ჩანს, რომ მანქანა ნამდვილად დაზიანებულია წინა მხარეს. ოჯახის წევრები იმასაც ამბობდნენ, რომ პოლიციამ ბრალდებულები თურმე გააქრო. ისინი იმალებოდნენ რას ჰქვია, პოლიციამ გააქრო? იმ მომენტამდე, ვიდრე მათ დააკავებდნენ, იმალებოდნენ. შესაბამისად, ოჯახის წევრები არასწორ ინფორმაციას ფლობენ“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ზუგდიდში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეს, პროკურორის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.

„ბრალი ჯერ არც ერთ მათგანს არ აქვს წარდგენილი, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ ერთ-ერთი ამ პირთაგანის ჩადენილია ის დანაშაული ზუგდიდში. როცა პირველი დაკავებული ხარებავა დაიკითხა, მან პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია. აღიარებდა იმ ფაქტს, რომ მან ესროლა ზუგდიდში ერთ-ერთ პიროვნებას, თუმცა, როცა ადვოკატი საქმეში ჩაერთო, უარი ათქმევინეს ამ ოქმზე ხელის მოწერაზე, გამოკითხვის ოქმი საქმეში დევს.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დაზარალებულია, დღესაც ბინაზე მკურნალობს.

საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში მომხდარ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.