მცხეთის რაიონულ სასამართლოში შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შატილის გზაზე ექვსი თვის წინ მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულების პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ტურისტული სააგენტო „თრეველ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორისა და მიკროავტობუსის მესაკუთრესთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ბრალდების მხარე შალვა ბოლათაშვილისა და გოჩა გოგილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქმის პროკურორის განცხადებით, როგორც ტურისტული კომპანიის დირექტორის, ასევე მიკროავტობუსის მესაკუთრის უპასუხისმგებლობამ და დაუდევრობამ 17 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

„ორივე პასუხისმგებელი იყო, რომ არ გაეშვათ ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება ტურში. მიკროავტობუსის მეპატრონემ ეს უგულებელყო და მიაქირავა კომპანიას ავტომანქანა, რომელსაც არ ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება გავლილი, კუსტარულად იყო ჩამონტაჟებული სავარძლები, მგზავრთა რაოდენობა აღემატებოდა ტექნიკურად გათვალისწინებული მახასიათებლებით დაშვებულ რაოდენობას. შალვა ბოლათაშვილს ევალებოდა, არ გაეშვა გაუმართავი ტრანსპორტი ექსპლუატაციაში. მან უგულებელყო ეს ყველაფერი. მათ სულ მცირე პასუხისმგებლობაც არ გამოუვლენიათ გამოძიების დროსაც, თუნდაც მცირე მორალური პასუხისმგებლობა. ეს ადამიანები გულგრილად ეკიდებიან 17 ადამიანის გარდაცვალებას და სამი ადამიანის დაშავებას. მათმა დაუდევრობამ გამოიწვია სწორედ ეს შედეგი. მათ ენდნენ ადამიანები, მიიღეს ამ ტურში მონაწილეობა და სიცოცხლე დაასრულეს შატილის გზაზე“, – განაცხადა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ  მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ, სამართალდამცველებმა ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებისთვის, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და სამი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. პროკურატურამ მათ ბრალი სსკ-ის  277-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.