შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ, კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების ღონისძიება გამოიყენა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.