შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტურისტული კომპანიის დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ  მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ, სამართალდამცველებმა ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და სამი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. პროკურატურამ მათ ბრალი სსკ-ის  277-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.