მცხეთის ისტორიული ძეგლების დამცავ ზონაზე მოქმედი მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა
მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში „ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N411 დადგენილების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მთავრობის დადგენილების თანახმად, მცხეთის ისტორიული ძეგლების დამცავ ზონაზე მოქმედი მორატორიუმის პირობებში 2019 წლის 1-ელ მარტამდე გარკვეული ცვლილებებიც შევა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მორატორიუმის პირობების შემსუბუქება უნდა უზრუნველყოს.
განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში შესატანი ცვლილებების შინაარსი უწყებათაშორისი კონსულტაციების, UNESCO-სა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების საფუძველზე დადგინდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივის საფუძველზე, მორატორიუმის პირობებში ცალკეული ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და მისი მრჩეველ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.
მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში მორატორიუმის შენარჩუნების ვალდებულება საქართველოს 2018 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით (42COM7B.24) განესაზღვრა. განსაკუთრებული რეჟიმი მცხეთის ურბანული განვითარებისა და მიწის პრივატიზების შესახებ ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაციის მიღებამდე და მონიტორინგის სისტემის დანერგვამდე იმოქმედებს.
დროებითი რეჟიმის შემსუბუქების მიზნით, ქართული მხარის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა და მისმა მრჩეველმა ორგანომ – ICOMOS-მა შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს მხარეს 2018 წლის დეკემბერის ბოლოს გამოუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, სახელმწიფო უწყებებს მცხეთის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებამდე, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ზოგადსაკაცობრიო ღირებულების შენარჩუნების გარანტიით, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისი მექანიზმები (სახელმძღვანელო პრინციპები) უნდა შეემუშავებინათ. აღნიშნული მექანიზმების შემუშავება, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, 2019 წლის 1-ელ მარტამდე დასრულდება, რაც სახელმწიფოს მთელი რიგი ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ უკვე მიმდინარეობს მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება, რომლის დამტკიცება წლის ბოლოსთვის მორატორიუმის საბოლოოდ მოხსნის საფუძველი გახდება.
* მცხეთის მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც 1994 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, არასათანადო მართვისა და ქაოტური განაშენიანების გამო, 2009 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი.
„აღნიშნული ქმედება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც მცხეთის ისტორიული ძეგლების ძირითად ნუსხაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2016 წლის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო. ამასთან, განისაზღვრა მთელი რიგი ქმედებებისა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ზოგადსაკაცობრიო განსაკუთრებული ღირებულების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც ყოველი ცალკეული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას განსაზღვრავს. აღნიშნული დოკუმენტაციის შემუშავება კომპლექსური პროცესია, რომლის დაგეგმვა-განხორციელებაც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის და მისი მრჩეველი ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს“, – აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.