ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, აქციაზე დაშავებულ ორ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ აღენიშნება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, აქციაზე დაშავებულ ორ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ აღენიშნება

მცხეთაში, აქციაზე დაშავებულ ორ პაციენტს საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას ორივე მამაკაცს თავის გარეგანი ტრავმა აღენიშნებოდა. თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევის შედეგადაც დადგინდა, რომ არც ერთ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდება.

„დღეს, მცხეთაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ორი პაციენტის ჰოსპიტალიზება მოახდინა. პაციენტებს თავის გარეგანი ტრავმები აღენიშნებოდათ. მათ თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდათ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არც ერთ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდება. ამჟამად, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მცხეთის მერიასთან, რომლის შენობაშიც დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ბიურო მდებარეობს, ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.  ისინი აცხადებდნენ, რომ დიმიტრი ხუნდაძეს 41 ვერცხლი მიუტანეს: „მოვიტანეთ 41 ვერცხლი, რომ დიმიტრი ხუნდაძე გამოვისყიდოთ“.

აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.