აქციაზე დაშავებული ორი მამაკაცი მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს
აქციაზე დაშავებული ორი მამაკაცი მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს

მცხეთაში, აქციაზე დაშავებული ორი მამაკაცი „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს.

როგორც ჟურნალისტებს მკურნალმა ექიმმა, თეა მესხიძემ განუცხადა, ორივე პაციენტს ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

„112-მა მიმღებ განყოფილებაში ორი მამაკაცი შემოიყვანა, დიაგნოზით ქალა ტვინის დახურული ტრავმა. ამ ეტაპზე მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. უტარდებათ შესაბამისი კლინიკურ- დიაგნოსტიკური გამოკვლევები. ამ დიაგნოსტიკის შემდეგ შევძლებთ სრულყოფილად ინფორმაციის მოცემას. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და ზოგად საერთო სისუსტეს უჩივის. სახის და თავის არეში ექსკორიაციები აღენიშნებათ. შესაბამისი მონიტორინგი მიმდინარეობს. კლინიკურ – დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ გაირკვევა, გახდება თუ არა საჭირო მათი „ჯეო ჰოსპიტალში“ დარჩენა. ამ ეტაპზე გამოკვლეულები არიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. დაზიანებები თითქმის ერთნაირი აქვთ. ერთს აქვს დაზიანებები ყვრიმალისა და შუბლის არეში, მეორეს – ტუჩის არეში“,- განაცხადა ექიმმა.

მცხეთის მერიასთან, ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, სწორედ მერიის შენობაში მდებარეობს მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიურო.

აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და მერიაში მყოფ ადამიანებს შორის. დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. ამასთან, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.