მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე ასეთი დაზიანების მცდელობისთვის წარუდგინეს, – ამის შესახებ პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაკავებული ამბობს, რომ მას ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.

„ბრალი წაუყენეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე ასეთი დაზიანების მცდელობისთვის. მისი პოზიცია არის ასეთი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მსგავსი არაფერი ახსოვს. მან გამომძიებელს ჩვენება მისცა და თქვა, რომ იმ დროს პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, მაგრამ მსგავსი რამ არ ჩაუდენია. კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს. დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან ალექსი გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება არ დანიშნავს ექსპერტიზას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაშინ ამას დაცვის მხარე გააკეთებს. ამასთან, ადვოკატი ფსიქიკური პრობლემების გამო დაკავებულის მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასაც ითხოვს.

„მოგეხსენებათ, გამოძიება ახლა დაიწყო, ჩვენთვის უცნობია, დაინიშნა თუ არა ექსპერტიზა. თუ გამოძიება არ დანიშნავს, ჩვენ დავნიშნავთ. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არც უნდა დაწყებულიყო დევნა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მასალები უნდა მოკვლეულიყო. სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ შემთხვევაში გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ის ამჟამად მოდუნებულია, შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურია, ლაპარაკიც უჭირს, ვერ საუბრობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის შეფარდების საკითხზე 30 აგვისტოს, 11:30 საათზე იმსჯელებს.

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა. მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი, 51 წლის თ.ს. დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალს დღეს წარუდგენენ.