15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს
15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძე​მ განაცხადა.

ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს მომხდარის გარემოებებზე და ასევე იმ დეტალებზე, რაზეც ესაუბრა დაკავებული. ასევე, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს, სად და რა ვითარებაში დააკავეს არასრულწლოვანი ლ.ი.

„არასრულწლოვანია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ, რომელსაც შევხვდი. გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა ამ დრომდე ბრალი არ წარუდგენიათ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დააკავეს არასრულწლოვანი და უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაკავებისთანავე ადვოკატი, დღეს მოხდა ჩართვა ჩემი მხრიდან, მასალები ჯერ არ გადმომცემია, განცხადებით მივმართე გამოძიებას. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას. უცნობია, სად დააკავეს. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.