ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული ძმები კაკულიები ბრალდებას არ აღიარებენ
ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული ძმები კაკულიები ბრალდებას არ აღიარებენ

ძმები დავით და გურამ კაკულიები იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებას არ აღიარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაკავებული ძმების ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განუცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორი.

ოფიციალურად ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა. ადვოკატმა დაკავებულები მოინახულა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ძმას, უფროსს – დავით კაკულიას დაზიანება აღენიშნება, რომელიც დაკავებულის განმარტებით, დაკავებისას მიიღო.

„როდესაც ოჯახის წევრები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ძმები კაკულიები იყვნენ დაკავებულები, მე ისინი მოვინახულე დროებითი მოთავსების იზოლატორში. განმიცხადეს, რომ გამომძიებლებმა დაკავებისას უთხრეს, რომ იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული, თუმცა რომელი საქმიდან გამომდინარე, ეს არ განუცხადებიათ. იარაღი თვალით არ უნახავთ, რომლის შეძენა-შენახვას ედავებიან. მასალები არ გადმოუციათ ჯერ. სხვა რაიმე ფაქტს დაკავებულებიც არ ადასტურებენ. სრულ აბსურდს უწოდებენ რომელიღაც სხვა ბრალდებებს. იარაღი ამოღებულია ნაქირავები ბინიდან, სადაც დაკავება მოხდა. ესენი გამორიცხავენ რაიმე სახის იარაღთან კავშირს. ძებნილები არ იყვნენ. რომ დაებარებინათ, აუცილებლად მივიდოდნენ, სადაც დაიბარებდნენ“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ძმები კაკულიები დღეს დილით ორთაჭალაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიებას ვაკის პოლიცია აწარმოებს.