მცენარეთა დასაცავად, პენტაგონი ბიოინჟინერიით გამოყვანილი მწერების არმიის შექმნას გეგმავს
პენტაგონი იკვლევს შესაძლებლობას, რომ მცენარეთა სტაბილურობის გაზრდის მიზნით, გამოიყენოს მწერები, რომლებიც მათ გენებს შეცვლიან. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ეს შესაძლოა, პოტენციური ბიოლოგიური იარაღი იყოს.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ს მწერების პროექტი სამშვიდობო მიზნებისთვის სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს სხვა ქვეყნების მტრული ნაბიჯები. ექსპერტთა ნაწილი პროექტის ეთიკურ და უსაფრთხოების ქვეტექსტს ეჭვქვეშ აყენებს. კვლევის მიზანია, ველებზე უკვე გაზრდილ მცენარეებს დამცავი თვისებები გადასცენ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფართოდ გავრცელებული გენური ინჟინერია იყენებს გენეტიკურად მოდიფიცირებულ თესლებს და არ ახდენს უშუალოდ გაზრდილი მცენარის მოდიფიკაციას.
სამხედრო კვლევების სააგენტოს თქმით, მათი მიზანია ქვეყნის საკვებით მომარაგება დაიცვან ისეთი საფრთხეებისგან, როგორიცაა გვალვა, მცენარეთა დაავადებები და ბიოტერორიზმი. ამისათვის, პროექტი გულისხმობს მწერების გამოყენებას, რომლებმაც მცენარეები ისეთი ვირუსებით უნდა დააინფიციროს, რომლებიც სოფლის მეურნეობის კულტურებს ასეთი საფრთხეებისგან დაიცავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პროექტი მშვიდობიანი მიზნებისთვის არის და არ ეწინააღმდეგება ბიოლოგიური იარაღის კონვენციას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებით კი, კვლევაში ჩართული არიან მისი მეცნიერებიც.
ტექნოლოგიამ შეიძლება მრავალი სხვადასხვა გზით იმუშაოს. პირველ ფაზაში, ბუგრები — ციცქნა მწერები, რომლებიც მცენარეთა წვენით იკვებებიან — მცენარეებს დააინფიცირებენ ვირუსით, რომელიც მას დროებით შესძენს გარკვეულ თვისებას. მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, შეუძლია თუ არა ამ ვირუსებს მცენარის გენები ისე შეცვალოს, რომ მან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაუწიოს წინააღმდეგობა საფრთხეებს.
თუმცა, პროექტი მკვლევართა გარკვეული ნაწილის შეშფოთებას იწვევს.
ჰასტინგსის ბიოეთიკის კვლევითი ინსტიტუტის გენეტიკური მოდიფიკაციების მკვლევარი გრეგორი კებნიკი სვამს კითხვას, თუ როგორ მოხდება ამ ვირუსებისა და მათი მატარებელი მწერების კონტროლი. მისი თქმით, როცა საქმე ეხება ძალიან პატარა მწერებსა და მიკრობებს, მათი მოსპობა შესაძლოა, უკვე შეუძლებელი გახდეს მას შემდეგ, რაც ისინი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე გავრცელდება.
სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინისა და მიკრობიოლოგიის პროფესორი დევიდ რელმენი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის მრჩეველი იყო ბიოთავდაცვის საკითხებში, აცხადებს, რომ ამ პროექტმა შესაძლოა, გრძელვადიანი შიშები გამოიწვიოს ქვეყნებს შორის იმაზე, რომ რომელიმე მეზობელმა სახელმწიფომ შეიძლება, მათი მცენარეები დააზიანოს.
მაგრამ რელმენი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა, ფერმერებს დაეხმაროს მცენარეთა ცუდი ვირუსების გავრცელებასთან ბრძოლაში, ასევე, დაიცვას კულტურები ბიოტერორიზმისგან. გამომდინარე იქიდან, რომ მწერებს ხშირად გადააქვთ მცენარეთა დაავადებები, რელმენი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მოწინავე კვლევების პროექტების სააგენტო (DARPA) ცდილობს მწერების ბიოლოგია დამცავი თვისებების გასავრცელებლად გამოიყენოს.
კვლევის ევროპელ თანაავტორთა თქმით, ამ პროგრამის გამოცხადებამ შესაძლოა, სხვა ქვეყნებს ამ ველზე საკუთარი ტექნოლოგიების განვითარებისკენ უბიძგოს.
ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი ტოდ კუიკენი არ ფიქრობს, რომ ამ პროექტს სამხედრო მიზნები და სხვა ქვეყნებზე მწერებით თავდასხმის განზრახვა აქვს.
ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის გარემოს სიჯანსაღისა და ინჟინერიის პროფესორი ტონ ინგლესბი ამბობს, რომ ეს ტექნოლოგია სპეციალურად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დასაცავად ვითარდება. თუმცა ის აცნობიერებს, რომ შესაძლებელია მისი არასწორად გამოყენებაც.
გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს პროექტის ამბიციური მიზნების მიღწევადობას.
ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგი ფრედ გულდი ამბობს, რომ ტექნოლოგიის სრულყოფილად მუშაობისთვის საჭიროა ძალიან ბევრი ბიოლოგიური ურთიერთქმედება და შესაბამისად, შანსი, რომ ის გაამართლებს, თითქმის ნულის ტოლია.
მომზადებულია chicagotribune.com-ის მიხედვით.