მავალმა Curiosity-მ მარსზე უცნაური, კოშკის მსგავსი, დაგრეხილი კლდოვანი წარმონაქმნები აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება
მავალმა Curiosity-მ მარსზე უცნაური, კოშკის მსგავსი, დაგრეხილი კლდოვანი წარმონაქმნები აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება

მავალმა Curiosity-მ მარსის ლანდშაფტზე აღმართული უცნაური კლდოვანი წარმონაქმნი იპოვა. გეილის კრატერის ქვიშასა და ლოდებს შორის ამომართულია რამდენიმე დაგრეხილი ქვის კოშკი — დანალექოვანი სვეტები, რომლებიც თითქოს უხილავი დოქიდან ჩამოსული გაყინული წყლის ნაკადებივით დგას.

ექსპერტთა განცხადებით, სინამდვილეში ეს სვეტები უნდა წარმოქმნილიყო ცემენტის მსგავსი ნივთიერებისგან, რომელიც ერთ დროს ქვედა ქანებს შორის ნაპრალებს ავსებდა. რბილი ქანების თანდათან დაშლის შემდეგ, ამ მასალის ნაკადები ასე აღმართული დარჩა.

კლდოვანი წარმონაქმნები Curiosity-ს კამერამ 17 მაისს გადაიღო, მაგრამ NASA-მ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს ეს სტრუქტურები, ისინი სულაც არ არის უპრეცედენტო.

მარსი

დედამიწის გეოლოგიაში, ე. წ. მიწის პირამიდა წარმოადგენს ეროზიის მიერ წარმოქმნილ თხელ, მაღალ კლდოვან სვეტს. ისინი ძირითადად მშრალ გარემოში გვხვდება, მაგალითად, იუტის ან სამხრეთ ციმბირის კანიონებში და ხშირად ათსართულიანი შენობის სიმაღლისაა.

ეს ბუნებრივი სტრუქტურები წარმოიქმნება ქანების იმ მტკიცე შრეებისგან, რომლებიც რბილ, დანალექოვან ქანებს შიგნით არის მოქცეული. როდესაც დანარჩენ ქანებს წვიმა, ყინვა ან ქარი დაშლის და გადარეცხავს, რჩება აღმართული სვეტები.

მარსზე ნაპოვნი ორი კლდოვანი სვეტი დედამიწისეულ ანალოგებთან შედარებით ჯუჯაა, მაგრამ აშკარად იმდენად მყარია, რომ გაუძლო წითელი პლანეტის ზედაპირის მსუბუქ გრავიტაციას.

სავარაუდოდ ამავე გზით არის წარმოქმნილი Curiosity-ს მიერ წლის დასაწყისში აღმოჩენილი კიდევ ერთი კლდოვანი წარმონაქმნი, რომელიც მზისკენ მიმართულ ყვავილს წააგავს.

„ერთი თეორიის მიხედვით, ეს ქვა წარმოადგენს შესქელებას, რომელიც წარმოქმნილია წყლის მიერ ნაპრალებში ან არსებული ქვის დაყოფით.შესქელება შეიძლება გამაგრდეს და უფრო გამკვრივდეს, ვიდრე მიმდებარე ქანები და ადგილზე დარჩეს მათი დაშლის შემდეგ“, — წერს NASA.

მეცნიერთა აზრით, გეილის კრატერში ერთ დროს ტბა იდგა, რომელიც ალბათ იმაზე უფრო თავთხელი და დროებითი იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

დამშრალი ტბის ფსკერზე აღმოჩენილი კლდოვანი წარმონაქმნები მეცნიერებს ამ რეგიონის რეალური ისტორიის გარკვევაში ეხმარება.