მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ჩილეს პრეზიდენტმა რეფორმები დააანონსა
ჩილეში მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტმა რიგი რეფორმები დააანონსა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სებასტიან პინერამ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ხელისუფლება რიგ სოციალურ რეფორმებს გაატარებს, რომელიც პენსიების 20 პროცენტით მომატებას, ელექტროენერგიის გადასახადზე ტარიფების გაყინვას და სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის გაუმჯობესებას გულისხმობს.
პრეზიდენტის რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ სებასტიან პინერამ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ ჩილელების მოთხოვნები საკმაოდ მკაფიოდ გაიგო და გაითვალისწინა.
ლათინური ამერიკის ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე დღეა, არ ცხრება. ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დედაქალაქ სანტიაგოს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოდის, რაც ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებებით სრულდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში შეტაკებებს უკვე 17 ადამიანი შეეწირა, ათობით კი დაშავდა. პოლიციამ დემონსტრაციების ფარგლებში ორი ათასამდე ადამიანი დააკავა.