მაშველები თუშეთში სამძებრო სამუშაოებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მოშორებით აგრძელებენ
მაშველები თუშეთში სამძებრო სამუშაოებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მოშორებით აგრძელებენ

ფშაველი-თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას მაშველებმა საძიებო სამუშაოები შეწყვიტეს და მოშორებით, მდინარის დინების მიმართულებით აგრძელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი ადგილიდან იუწყება.

ჟურნალისტის თქმით, იმ ადგილიდან, სადაც სატვირთო მანქანა გადავარდა, მაშველებმა ორდღიანი სამუშაოების შედეგად ექვსი ცხედარი ამოიტანეს. ამ ეტაპზე დაკარგულად მხოლოდ ერთი ადამიანი ითვლება და ხეობაში მისი სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მაშველები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, ის დინებამ გაიტაცა და ძიების არეალი ამიტომ გააფართოეს.

რამდენიმე საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან გუშინ გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.