მარსზე უძველესი მიწისქვეშა წყლის უზარმაზარი სისტემის კვალი აღმოაჩინეს
მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხომალდმა „მარს ექსპრესმა“ გამოააშკარავა პირველი გეოლოგიური მტკიცებულება, რომ ერთ დროს, წითელი პლანეტის სიღრმეში არსებობდა ურთიერთდაკავშირებულ ტბათა სისტემა. მათგან ხუთი ტბა სიცოცხლისთვის გადამწყვეტ მინერალებს შეიცავდა.
დღეს მარსზე უსიცოცხლო, არიდული გარემოა, მაგრამ მის ზედაპირზე უხვად არის ნიშნები იმისა, რომ ერთ დროს, წყალი უხვად იყო მთელი პლანეტის მასშტაბით. ვხედავთ მახასიათებლებს, რომელთა წარმოქმნისთვისაც წყალი აუცილებელია, მათ შორისაა დინებათა და ხეობათა დატოტვილი არხები. გარდა ამისა, შარშან, „მარს ექსპრესმა“ პლანეტის სამხრეთ პოლუსთან, ზედაპირქვეშ, თხევადი წყლის ტბა აღმოაჩინა.
ახალი კვლევის ფარგლებში კი, მეცნიერებმა გამოავლინეს უძველესი მარსის მიწისქვეშა წყლის სისტემა, რომელსაც ამ დრომდე მხოლოდ მოდელები პროგნოზირებდა.
კვლევის ავტორის, უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერ ფრანჩესკო სალესეს განცხადებით, ადრეული მარსი წყლიანი პლანეტა იყო, მაგრამ კლიმატის ცვლილებათან ერთად, წყალი მიწისქვეშ ჩავიდა და წარმოქმნა ტბორები და მიწისქვეშა სისტემები.
ახალი კვლევა მათ სწორედ ამ წყლის გამოვლენას მიუძღვნეს და მისი პირველი გეოლოგიური მტკიცებულებებიც იპოვეს.
სალესემ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული 24 ღრმა, შემოსაზღვრული კრატერი, რომელთა ფსკერიც მარსული „ზღვის დონიდან“ 4000 მეტრით დაბლა მდებარეობს.
მათ ფსკერებზე მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს კრატერები მხოლოდ წყლიან გარემოში შეიძლებოდა წარმოქმნილიყო. მრავალ კრატერში შეინიშნებოდა მახასიათებლები, რომლებიც მიუთითებს, რომ ერთ დროს მათში ტბორები და წყლის ნაკადები იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეიცვალა და შემცირდა.
ეს მახასიათებლები მოიცავს კრატერის კედლებზე ამოკვეთილ არხებს, მიწისქვეშა წყლების მიერ ამოჭრილ ხეობებს, წყლის დონის აწევისა და დაწევის შედეგად წარმოქმნილ მუქ, გამრუდებულ დელტებს, კატერის კედლებზე მდგარი წყლის შედეგად წარმოქმნილ უსწორმასწორო ტერასებს, ასევე, დანალექების მარაოს ფორმის დეპოზიტები, რომლებიც გამდინარე წყლის შედეგადაა წარმოქმნილი.
წყლის დონე კარგად ემთხვევა იმ სავარაუდო ოკეანის სანაპიროებს, რომელიც მარსზე 3-4 მილიარდი წლის წინ უნდა არსებულიყო.
კვლევის თანაავტორის, ჯან გაბრიელე ორის განცხადებით, ეს ოკეანე დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მიწისქვეშა ტბების სისტემასთან, რომელიც მთელ პლანეტაზე ვრცელდებოდა. მისი თქმით, ეს ტბები 3,5 მილიარდი წლის წინ უნდა არსებულიყო, ანუ მარსის ოკეანის ეპოქაში.
მარსის წყლის ისტორია საკმაოდ კომპლექსურია და მჭიდროდ არის დაკავშირებული იმის გაგებასთან, აღმოცენდა თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლე; და თუ ეს ასეა — სად, როდის და როგორ.
გარდა ამისა, ხუთ კრატერში ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა იმ მინერალთა ნიშნები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებაში. მათ შორის არის სხვადასხვა თიხები, კარბონატები და სილიკატები. აღმოჩენა კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ მარსის ამ აუზებს ერთ დროს ყველა პირობა ჰქონდა სიცოცხლის აღმოცენებისა და შენარჩუნებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი ერთადერთი აუზები იყო მარსზე, რომლებსაც საკმარისი სიღრმე ჰქონდათ, რათა დიდი ხნით გადაკვეთილიყვნენ მარსის ქერქის წყლის გაჟღენთილ ნაწილთან. ამის მტკიცებულება დღემდე ჩამარხულია დანალექებში.
ასეთი ადგილების კვლევამ შესაძლოა, გამოააშკარაოს წარსულში სიცოცხლის არსებობისათვის ხელსაყრელი პირობები. შესაბამისად, ძლიერ საჭიროა ისეთი ასტრობიოლოგიური მისიებისთვის, როგორიც არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს „ეგზომარსი“. მიუხედავად იმისა, რომ ეგზომარსის ორბიტერი მარსის აირებს უკვე სწავლობს ზემოდან, პლანეტის ორბიტიდან, 2020 წელს გაეშვება შემდეგი მისიაც. მის შემადგენლობაში იქნება მავალი, რომელსაც როზალინდ ფრანკლინის სახელი დაერქვა და ზედაპირის სამეცნიერო პლატფორმა. მისიის მიზანი სიცოცხლის ნიშნების პოვნაა.
მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.