კანიონების ვრცელი სისტემა, რომელიც დრამატულად ცვლის მარსის იერს, შესაძლოა, წყალს მალავდეს.
მარინიერის ხეობა 4000 კილომეტრის სიგრძის კანიონებს აერთიანებს და მარსის დიდ კანიონსაც უწოდებენ; მის შუაგულში ახლახან უჩვეულოდ დიდი რაოდენობით წყალბადი აღმოაჩინეს. ამაზე მეტყველებს ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და რუსეთის ერთობლივი ორბიტერის (ორბიტაზე მოძრავი ხომალდი), ExoMars-ის მონაცემები.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ ზედაპირიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეში, ამ რეგიონში მიწა წყლით მდიდარია, როგორც მინერალებში ჩაჭედილი, ისე ზედაპირქვეშა წყლის ყინულის სახით.
„ორბიტერის ერთ-ერთი ინსტრუმენტი მტვრიანი შრის ქვეშ, ერთი მეტრის სიღრმეზე ჩახედვისა და იქ არსებული გარემოს ხილვის საშუალებას გვაძლევს; შედეგად მივაგენით წყლით მდიდარ „ოაზისებს“, რომელთა აღმოჩენაც წინა ინსტრუმენტებით შეუძლებელი იყო“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსის კვლევის ინსტიტუტის ფიზიკოსი იგორ მიტროფანოვი.
მისი განცხადებით, მარინერის კანიონების უზარმაზარ სისტემაში ინსტრუმენტმა გამოავლინა წყალბადით უჩვეულოდ მდიდარი ზონა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს წყალბადი წყლის მოლეკულებშია შეკრული, ისე ჩანს, რომ ამ რეგიონის ზედაპირქვეშა მასალების თითქმის 40 პროცენტი წყალია.
მარსზე წყლის არსებობის შესახებ უკვე ვიცით. მისი დანახვა შეგვიძლია ცივ პოლუსებთან, ყინულის სახით. წყლის დიდი ნაწილი თითქოს სწორედ იქ უნდა იყოს თავმოყრილი, რადგან ეკვატორთან ზედმეტად თბილა, რათა ზედაპირზე ყინული წარმოიქმნას.
შესაძლებელია, რომ წყალი ზედაპირქვეშ იყოს, მაგრამ მარსის ხელოვნური თანამგზავრებით ჩატარებული ყოველი წინა ძებნისას, მას მხოლოდ მაღალ განედებზე მიაგნეს.
თუმცა, სულ სხვანაირია ExoMars-ის ინსტრუმენტი, სახელად FREND (Fine Resolution Epithermal Neutron Detector). წითელი პლანეტის ზედაპირზე შუქის ასახვის ნაცვლად, ის ნეიტრონებს აფიქსირებს. შედეგად, ის მარსის ზედაპირქვეშ ერთ მეტრ სიღრმემდე ის წყალბადის შემცველობას ხედავს. ამ მხრივ ნაყოფიერი გამოდგა მის მიერ 2018 წლის მაისიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩატარებული დაკვირვებები.
„ნეიტრონები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მარსს ურტყამს გალაქტიკური კოსმოსური სხივების სახელით ცნობილი მაღალენერგიული ნაწილაკები; მშრალი მიწა მეტ ნეიტრონს გამოყოფს, ვიდრე ნოტიო და შესაბამისად, ნეიტრინოების გამოყოფის მაჩვენებელზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენი წყალია გრუნტში“, — ამბობს ფიზიკოსი ალექსეი მალახოვი.
მისივე განცხადებით, ასე აღმოაჩინეს, რომ მარინერის ხეობის ცენტრალური ნაწილი წყლით უნდა იყოს სავსე — გაცილებით მეტი წყლით, ვიდრე წარმოიდგენდნენ. ეს ძლიერ ჰგავს დედამიწის მრავალწლოვანი მზრალობის რეგიონებს, სადაც მუდმივად დაბალი ტემპერატურის გამო, წყალი მშრალი ნიადაგის ქვეშ მუდმივად ძლებს.
წყალბადის მაღალი შემცველობის მქონე რეგიონი დაახლოებით ნიდერლანდების ზომისაა და ნაწილობრივ ემთხვევა კანდორის კანიონს — მარინერის სისტემის ერთ-ერთ უდიდეს კანიონს. მარსის ამ რეგიონში მინერალები ძირითადად ძალიან ცოტა წყალს შეიცავს; შესაბამისად, მეცნიერებს სჯერათ, რომ ზედაპირქვეშ სუბსტანცია წყლის ყინულის სახით არის.
თუმცა უცნობია, როგორ ძლებს იქ ეს წყალი. მარსის ეკვატორთან ისეთი წნევა და ტემპერატურაა, რომ წყლის ასეთი რეზერვების წარმოქმნას გამორიცხავს. ამის საშუალებას შეიძლება იძლეოდეს მარინერის ხეობაში გეომორფოლოგიურ გარემო პირობათა გარკვეული, უცნობი კომბინაცია, მაგალითად, არაერთგვაროვნად იზოლირებული დეპოზიტები, რომლებიც იქ უკვე დიდი ხანია არის, ანდაც ციცაბო ფერდობების კუთხე და ორიენტაცია.
ზუსტი პასუხის მისაღებად დამატებითი კვლევებია საჭირო, რომლებიც გვეტყვის არა მხოლოდ იმ გარემო პირობათა შესახებ, რომლებიც ეკვატორთან წყლის არსებობის საშუალებას იძლევა, არამედ დაადასტურებს იმასაც, რა ფორმას იღებს ეს წყალი. ამას კი შეიძლება უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდეს: მაგალითად, როდესაც დედამიწაზე გაყინული ნიადაგები დნება, მასში მიკრობული სიცოცხლის გაყინულ ფრაგმენტებს ვპოულობთ; შეიძლება, სწორედ ასე ვიპოვოთ მარსის უძველესი სიცოცხლის კვალიც, თუ ის იქ ოდესმე არსებობდა.
აღმოჩენა ასევე ხსნის ამაღელვებელ შესაძლებლობებს მარსის სამომავლო კვლევებისთვის. ნებისმიერი ეკიპაჟიანი მისია დიდი ალბათობით ეკვატორის სიახლოვეს დაეშვება; ზედაპირიდან არც თუ ისე დიდ სიღრმეში არსებული წყალი მათთვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება, როგორც კვლევითი მიზნებისთვის, ისე სასიცოცხლოდ.
და კიდევ, ეს აღმოჩენა კიდევ უფრო აძლიერებს მზის სისტემაში უდიდესი კანიონის, მარინერის ხეობის მონახულების სურვილს.
„იმის ცოდნა, სად და როგორ არსებობს დღევანდელ მარსზე წყალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, რა მოხდა შორეულ წარსულში, ერთ დროს წყლით მდიდარ მარსზე; დაგვეხმარება სასიცოცხლოდ გამოსადეგ პლანეტების პოვნაში, წარსულის შესაძლო სიცოცხლის კვალისა და ადრეული მარსის ორგანული მასალების ძებნაში“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ფიზიკოსი კოლინ უილსონი.
კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.