მარსზე, გეილის კრატერის გამომშრალ ტალახში აღმოჩენილი ორგანული მოლეკულების ახალი ანალიზები ფრიად დამაინტრიგებელ შესაძლებლობაზე მიუთითებს. მეცნიერთა დასკვნით, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ეს მოლეკულები შეიძლება სინამდვილეში ბიოლოგიური წარმოშობის იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ მარსის ამ მოლეკულების შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, ინფორმაცია, რომელიც ამჟამად გვაქვს, შეიძლება თანხვედრაში მოდიოდეს მილიარდობით წლის წინ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობასთან.
მოლეკულები მავალმა „კურიოზიტიმ“ გეილის კრატერის გაქვავებული ტალახის სექციაში აღმოაჩინა, რომელსაც მიურეის ფორმაციას უწოდებენ; ამ აღმოჩენის შესახებ პირველი კვლევა 2018 წელს გამოქვეყნდა. თავდაპირველმა ექსპერიმენტებმა რამდენიმე მოლეკულა გამოავლინა, მათ შორის იყო არომატულ ნაერთთა ჯგუფი, რომელსაც ტიოფენებს უწოდებენ.
აქ, დედამიწაზე, ასეთი ნაერთები როგორც წესი გვხვდება ზოგიერთ საკმაოდ საინტერესო ადგილზე. მაგალითად, ნედლ ნავთობში, რომელიც დაპრესილი და სუპერცხელი, მკვდარი ორგანიზმების, ძირითადად ზოოპლანქტონისა და წყალმცენარეებისაგან შედგება; ასევე გვხვდება ქვანახშირში, რომელიც დაპრესილი და სუპერგაცხელებული მცენარეებისგან არის წარმოქმნილი.
მიჩნეულია, რომ ეს ნაერთები აბიოტურად წარმოიქმნება, ანუ არაბიოლოგიურად, ფიზიკური პროცესის შედეგად, როდესაც 120 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გოგირდი რეაქციაში შედის ორგანულ ნახშირწყალბადებთან; ამ რეაქციას გოგირდის თერმოქიმუირ შემცირებას (TSR) უწოდებენ.
მართალია, ეს რეაქცია აბიოტურია, მაგრამ ბიოლოგიური წარმოშობის შეიძლება იყოს როგორც ნახშირწყალბადები, ისე გოგირდი. შესაბამისად, მკვლევრები სწავლობენ, როგორ შეიძლება წარმოქმნილიყო ტიოფენები მარსზე.
ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრობიოლოგ დირკ შულც-მაკუჩის განცხადებით, მათ გამოავლინეს ტიოფენების რამდენიმე ბიოლოგიური გზა, რომლებიც ქიმიურ გზაზე უფრო მეტად არის სავარაუდო, მაგრამ მაინც საჭიროა ამის დამტკიცება.
მისი თქმით, როდესაც ტიოფენებს დედამიწაზე ვპოულობთ, უმეტესად ვფიქრობთ, რომ ისინი ბიოლოგიური წარმოშობისაა, მაგრამ მარსის შემთხვევაში, ამას დამტკიცება სჭირდება.
არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც მარსზე ტიოფენები სიცოცხლის გარეშე შეიძლებოდა წარმოქმნილიყო. მაგალითად, ტიოფენები დაფიქსირებულია მეტეორიტებშიც და შესაბამისად, ეს მოლეკულები მარსზე შეიძლება სწორედ მათ მიიტანეს.
მათი წარმოებისთვის საჭირო სიცხე ასევე შეიძლება წარმოქმნას გეოლოგიურმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მარსი ვულკანურად აქტიური იყო; ვულკანური აქტივობა კი რა თქმა უნდა, ასევე წარმოქმნის გოგირდს.
თუმცა, მარსის ტიოფენების შესახებ არსებობს რაღაც საინტერესო გარემოება. ზემოთ აღწერილი პროცესები მოითხოვს, რომ გოგირდი ნუკლეოფილური იყოს, ანუ, როდესაც გოგირდის ატომები ელექტრონებს გასცემენ და ამ გზით რეაქციულ პარტნიორთან წარმოქმნიან ბმას. უნდა აღინიშნოს, რომ მარსზე გოგირდის ძირითადი ნაწილი არანუკლეოფილური სულფატების სახით არის წარმოდგენილი.
ამან შეიძლება ნუკლეოფილური სულფიდები TSR-ის გზით შეამციროს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა — სულფატების ბიოლოგიური შემცირება (BSR). Ზოგიერთ ბაქტერიას, მათ შორის თეთრ ტრიუფელებს, შეუძლია ტიოფენების სინთეზი.
გამომდინარე აქედან, არ არის გამორიცხული, რომ დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ, როცა მარსი უფრო თბილი და ნოტიო ადგილი იყო, არსებობდა ბაქტერიათა კოლონიები, რომლებიც ტიოფენებს აწარმოებდნენ. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზეც. შესაბამისად, როდესაც მარსი გაშრა, ტიოფენები დარჩნენ იქ, სადაც ისინი ამდენი მილიარდი წლის შემდეგ იპოვა მავალმა „კურიოზიტიმ“.
სამწუხაროდ, მოლეკულები ცოტა დაზიანდა. „კურიოზიტი“ იყენებს ანალიზის მეთოდს, სახელად პიროლიზს, რომელიც ნიმუშებს 500 გრადუს ცელსიუსამდე აცხელებს. შესაბამისად, ამ პროცესს გამოვლილი მოლეკულებიდან ბევრი რამის გაგება უკვე შეუძლებელია.
თუმცა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მავალი „როზალინდ ფრანკლინი“, რომელიც 2020 წლის ივნისში გაეშვება, აღჭურვილი იქნება მრავალი ინსტრუმენტით, რომლებიც მოლეკულებს ასე აღარ დააზიანებს. შესაბამისად, ნებისმიერი ტიოფენი, რომელსაც ის მიწის გაბურღვის შედეგად იპოვნის, შეიძლება გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყოს.
შესაძლოა, მან ასევე იპოვოს ნახშირბადისა და გოგირდის იზოტოპები. ცოცხალ ორგანიზმებს მსუბუქი იზოტოპები ურჩევნიათ და თუ აღმოჩნდა, რომ ტიოფენები შეიცავს მსუბუქ იზოტოპებს, ხელთ გვექნება კიდევ ერთი მტკიცებულება ბიოლოგიურ პროცესთა სასარგებლოდ.
კვლევა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.