გამოქვეყნებამდე სელფებს ალბათ ყველა ჩვენგანი ვამუშავებთ, რათა საუკეთესოდ წარმოვჩნდეთ. გამონაკლისი არც მარსმავალი Curiosity-ია, როგორც ეს NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოზე ჩანს. მავალმა სელფი ვერა რუბინის ქედის დატოვებისას გადაიღო.
Curiosity-ს სლფების მთავარი ხრიკი ყველაზე მაამებელი ფილტრების შერჩევა როდია. ამის ნაცვლად, რობოტული მკვლევარი უპირატესობას ანიჭებს კადრების შეერთებას, რათა მიიღოს კომპოზიტური ფოტო და შეიქმნას ილუზია, თითქოს სურათი მას კომპანიონმა გადაუღო. მავალი ამ ხრიკს სელფებისთვის „იყენებს“.
ახალი ფოტო 15 იანვარს არის გადაღებული და შედგება 57 კადრისგან, რომლებიც რობოტულ მკლავზე დამაგრებულმა კამერამ აღბეჭდა.
ფოტოზე მარსმავალი მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში, ამ დროს ის საკმაოდ „დაღლილი“ უნდა ყოფილიყო. მას სულ ახალი დასრულებული ჰქონდა ქანების გაბურღვა, რაც მისგან მარცხნივ, დიდ ქვაზე ჩანს. უკანა ფონზე მოჩანს მტვერიც, რაც გარკვეული სახის ქვიშის შტორმით არის გამოწვეული.
Curiosity-მ ეს ფოტო მაშინ გადაიღო, როცა ვერა რუბინის ქედზე თითქმის ერთწლიანი კვლევა დაასრულა. ამ ქედს სახელი ეწოდა ცნობილი ასტრონომის, ვერა რუბინის პატივსაცემად, რომელმაც ბნელი მატერია აღმოაჩინა.
ამჟამად მავალი მარსის ოდნავ სამხრეთ რეგიონში მიემართება, ადგილისკენ, რომელიც მდიდარია თიხოვანი ქანებით. Curiosity იქ კვლევათა ახალ სერიას დაიწყებს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.