მარსის უკან მოძრავი ასტეროიდი შეიძლება, მთვარის დიდი ხნის წინ დაკარგული „ტყუპისცალი“ იყოს — #1tvმეცნიერება
მარსის უკან მოძრავი ასტეროიდი შეიძლება, მთვარის დიდი ხნის წინ დაკარგული „ტყუპისცალი“ იყოს — #1tvმეცნიერება

ასტრონომები დეტალურად დააკვირდნენ შორეულ ასტეროიდს, რომელიც ორბიტაზე მარსს მიჰყვება უკან. შედეგი საკმაოდ მოულოდნელია და საინტერესო კითხვებს ბადებს ამ ობიექტის წარმოშობის შესახებ.

ასტეროიდი, სახელად (101429) 1998 VF31, ე. წ. ტროელი ასტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც მარსთან საერთო ორბიტაზე მოძრაობენ.

ტროელებს უწოდებენ ციურ სხეულებს, რომლებიც სხვა პლანეტების სიახლოვეს, კოსმოსის დაბალანსებულ რეგიონებში არიან ჩაჭედილი, პლანეტისგან 60 გრადუსით წინ ან უკან.

ჩვენთვის ცნობილ ტროელ ასტეროიდთა უმეტესობას იუპიტერთან საერთო ორბიტა აქვთ, მაგრამ ისინი სხვა პლანეტებსაც „ჰყავთ“, მათ შორის მარსს და დედამიწასაც.

ასტეროიდი (101429) 1998 VF31 საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ უნიკალურია წითელი პლანეტისთვის უკან მიდევნებულ ტროელთა ჯგუფში.

ჯგუფის დანარჩენი წევრები, რომლებსაც L5 მარსის ტროელებს უწოდებენ, მიეკუთვნება ე. წ. ევრიკას ოჯახს; მათ შორის არის 5261 ევრიკა და სხვა პატარა ფრაგმენტები, რომლებიც უფრო მოზრდილი კოსმოსური სხეულების ნამსხვრევები უნდა იყოს.

101429 მათგან საკმაოდ განსხვავებულია და ირლანდიის არმაგის ობსერვატორიისა და პლანეტარიუმის ასტრონომებმა მისი შესწავლა გადაწყვიტეს.

ამისათვის მათ გამოიყენეს ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) კუთვნილი ტელესკოპი VLT, რომელიც ჩილეშია განთავსებული. ჯგუფი დააკვირდა, როგორ აირეკლავდნენ მზის სინათლეს 101429 და ევრიკას ოჯახის L5 ასტეროიდები. აღმოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთს საერთოდ არ ენათესავებიან — ანალიზებით დადგინდა, რომ 101429-ის სპექტრი ჩვენი მთვარისას ემთხვევა.

„ამ ასტეროიდის სპექტრი თითქმის იდენტურია მთვარის იმ ნაწილებისა, სადაც წარმოდგენილია კრატერები და მთები“, — ამბობს ასტროქიმიკოსი გალინ ბორისოვი.

მართალია, გადაჭრით რაიმეს მტკიცება ჯერ ადრეა, მაგრამ მკვლევართა განცხადებით, შესაძლებელია, მარსის ტროელები მისგან საკმაოდ შორს იღებენ სათავეს, 101429 კი წარმოადგენდეს მთვარის თავდაპირველი მყარი ქერქის ნარჩენ ფრაგმენტს.

თუ მართლაც ასეა, როგორ მოხვდა მთვარის დიდი ხნის წინ დაკარგული „ტყუპისცალი“ ტროელების ჯგუფში მარსთან საერთო ორბიტაზე?

„ადრეული მზის სისტემა დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდა. ახლად წარმოქმნილ პლანეტებს შორის სივრცე სავსე იყო ნარჩენებით, ხშირად ხდებოდა შეჯახებებიც. მთვარეს და სხვა პლანეტებს მუდმივად ეცემოდა მოზრდილი ასტეროიდები. ასეთი შეჯახებების შედეგად წარმოქმნილ ნამტვრევებს მარსის ორბიტამდეც უნდა მიეღწიათ მაშინ, როდესაც პლანეტები ჯერ კიდევ ყალიბდებოდნენ და ტროელების ღრუბლებში იყვნენ მომწყვდეული“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ასტრონომი აპოსტოლოს კრისტუ.

იდეა საკმაოდ მომაჯადოებელია, მაგრამ როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ეს 101429-ის წარსულის ერთადერთი ახსნა არ გახლავთ. ასევე შესაძლებელი და ალბათ უფრო სავარაუდოა, რომ ის დარტყმის შედეგად მარსიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტი იყოს ანდაც გაცვეთილი ასტეროიდი, რომელიც მზის რადიაციის შედეგად, თანდათანობით მთვარის ზედაპირს დაემსგავსა.

ამ ასტეროიდის წარმოშობის ამბავს ალბათ ნათელს მოჰფენს სამომავლო დაკვირვებები უფრო მძლავრი სპექტროგრაფით.

კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.