მაროკო პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა - მეორე ადგილი ხორვატიას ერგო [ვიდეო] #1TVSPORT
მაროკო პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა - მეორე ადგილი ხორვატიას ერგო [ვიდეო] #1TVSPORT

კატარი 2022-ზე კიდევ ორი მერვედფინალისტი გაირკვა – F ჯგუფიდან პლეი-ოფში მაროკო და ხორვატია გავიდნენ.

ჯგუფში საწყისი ორი ტურის შემდეგ გარკვეული მხოლოდ კანადის საკითხი იყო – ორი წაგების მერე ჩრდილოამერიკელები ჯგუფში ჩარჩნენ. მომდევნო ეტაპის ორი საგზურისთვის სამი გუნდი იბრძოდა: ბელგია, ხორვატია და მაროკო.

 

მაროკოელებს საქმე გაცილებით მარტივად ჰქონდათ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჯგუფის აუტსაიდერს ეთამაშებოდნენ, მეორეც – მხოლოდ საკუთარ შედეგზე იყვნენ დამოკიდებული – მოიგებდნენ და პლეი-ოფში ითამაშებდნენ.

ეს საკმარისზე დიდი მოტივაცია აღმოჩნდა აფრიკელებისთვის. მათ პირველივე წუთებზე აქტიურად შეუტიეს და 23-ე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნენ.

მაროკომ პირველ ტაიმში მესამეც გაიტანა, ოღონდ არა მეტოქის კარში… აგერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რაც მიმდინარე მუნდიალზე პირველი ავტოგოლი აღმოჩნდა.

კიდევ უფრო საინტერესო – ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მე-100 გოლია.

2:1 და ჯგუფიდან პირველი ადგილით მაროკო გავიდა.

 

ხორვატია-ბელგიის დაპირისპირება ევროპული გუნდებისთვის დამახასიათებლად მიმდინარეობდა – ორივე ნაკრები უმთავრესად გოლის არგაშვებაზე ზრუნავდა.

აფრიკელები პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ და მაროკოელთა გამარჯვების შემთხვევაში, ბელგია-ხორვატიის მატჩში ფრე ხელს მხოლოდ ხორვატებს აძლევდა. ბელგიას კი მერვედფინალში მოსახვედრად გამარჯვება სჭირდებოდა. სიტუაციის შესაცვლელად დროც ჰქონდა, მეორე ტაიმში მოედანზე ლუკაკუც გამოჩნდა, საგოლე მომენტიც არაერთი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა.

F ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 23.11.2022 14:00 მაროკო-ხორვატია 0:0
I ტური 23.11.2022 23:00 ბელგია-კანადა 1:0
II ტური 27.11.2022 17:00 ბელგია-მაროკო 0:2
II ტური 27.11.2022 20:00 ხორვატია-კანადა 4:1
III ტური 01.12.2022 19:00 კანადა-მაროკო 1:2
III ტური 01.12.2022 19:00 ხორვატია-ბელგია 0:0

 

F ჯგუფი
1 მაროკო 3 2 1 0 4-1 7
2 ხორვატია 3 1 2 0 4-1 5
3 ბელგია 3 1 1 1 1-2 4
4 კანადა 3 0 0 3 2-7 0