მარინა ეზუგბაია - ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ საუბარი არ არის, ამ ეტაპზე შემუშავებულია მოდელი, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების საკარანტინო სასტუმროებში მეთვალყურეობას გულისხმობს
მარინა ეზუგბაია - ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ საუბარი არ არის, ამ ეტაპზე შემუშავებულია მოდელი, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების საკარანტინო სასტუმროებში მეთვალყურეობას გულისხმობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

თუმცა, ეზუგბაიმ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ მოდელზე, რომელიც უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების სასტუმროებში მეთვალყურეობას გულისხმობს.

„ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ ლაპარაკი არ არის. უკვე გაცხადებული გახლავთ ასეთი მოდელი – პაციენტები, რომლებიც თავიდან სტაციონარში მოთავსდებიან, მსუბუქი ფორმით და უსიმპტომოებზეა ლაპარაკი, მათთვის კვლევების ჩატარებით მიღებული შედეგების შეფასებით, ყველა რისკის გათვალისწინებით, თუ ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ექიმებიც შეაფასებენ და რისკები მინიმალური იქნება, კლინიკაში ყოფნის მერვე დღიდან ასეთი ადამიანების გადაყვანა შესაძლებელია სპეციალურად შექმნილ საკარანტინო სასტუმროებში, სადაც არის საკარანტინო სივრცე, იქ მოხდება ასეთი პაციენტების, უსიმპტომოების მეთვალყურეობა და მსუბუქი ფორმების მკურნალობის გაგრძელება.

ეს დადგენილება უკვე შესულია ძალაში. თბილისში, ქუთაისში და ბათუმში არის სამი დიდი სასტუმრო თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც შეესაბამება ასეთი პაციენტების მართვას. არის საკმარისი საწოლები, მოხდება განტვირთვა სამედიცინო კოვიდ-ცენტრების. ის პაციენტები, რომლებიც შესაძლებელია, მეთვალყურეობდნენ ამ საკარანტინი სამკურნალო სივრცეში, გადავლენ ეტაპობრივად, მაგრამ ამის საჭიროება ჯერ არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, 536 პაციენტი არ არის ის რაოდენობა, რომელსაც დღევანდელი ვითარებით ჯანდაცვის სისტემა თავისი საწოლებით ვერ გაუმკლავდება.

„სამჯერ მეტს და ოთხჯერ მეტს გაუმკლავდება, მაგრამ იმისთვის, რომ დაყოვნება არ იყოს და თუნდაც იმიტომ, რომ სამომავლოდ მოვემზადოთ, დღევანდელი სიტუაცია არის ზიუსტად ამის საფუძველი, რომ მომავალში აღნიშნული პროცესი ძალიან მარტივად და თავისუფლად გავაკეთოთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, ხვდება თუ არა კლინიკა მეორე ტალღას უფრო მომზადებული.

„ჩვენი მოთხოვნა ამიტომ იყო, რომ გარკვეულწილად ინფრასტრუქტურა გამართულიყო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ შემოდდომაზე სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების თანდართვები მოხდება. ასეთი ინფექცია და კოვიდი ერთად არის რთული შემთხვევა, რომელსაც სჭირდება სპეციალური ინფრასტრუქტურა იზოლაციის საშუალებით  და ვენტილაციის გამართული სისტემით, რომ არ მოხდეს სტაციონარის, კორპუსის შიგნით დაავადების გავრცელება. ვენტილაციის გამართვა ზუსტად ამას ემსახურება, რომ ჩვენ თავისუფლად, დამოუკიდებლად შევძლოთ კომბინირებული, შერეული პაციენტების მართვა და არ გქვონდეს შიში, რომ მოხდება დაავადების შიდა გავრხცელბა“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.