მარინა ენდელაძე - კონსილიუმზე წყდება, თუ რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს თითოეულ ინდივიდს
მარინა ენდელაძე - კონსილიუმზე წყდება, თუ რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს თითოეულ ინდივიდს

როცა შემთხვევა მსუბუქია, შეიძლება, ბინაზე ჩატარდეს მეთვალყურეობა, მაგრამ ყურადღება მაინც ყველა პაციენტს უნდა, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

„როცა შემთხვევა მსუბუქია, შეიძლება, ბინაზე ჩატარდეს მეთვალყურეობა, იქნება ეს ონლაინ რეჟიმი თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების, ან ინფექციონისტის მიერ. უბრალოდ, ყურადღება მაინც ყველა პაციენტს უნდა, რათა იმ დონემდე დამძიმება არ მოხდეს, რომ შემდგომ, გამოსავალი სავალალო იყოს. დამდენადაც ვიცი, კლინიკებში უკვე დამძიმებული პაციენტები მიჰყავთ, ასეთ პაციენტებში კი დაავადებასთან ბრძოლა ბევრად ძნელია, ვიდრე თავიდან. რა თქმა უნდა, მსუბუქი შემთხვევებიც ბევრია და შეიძლება ბინაზე მკურნალობა. ოღონდ, საჭიროა მათზე აუცილებელი მეთვალყურეობა“, – განაცხადა ენდელაძემ.

ამ განცხადებით მარინა ენდელაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა რჩევებს მისცემს მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, რომლებსაც პიკის შემთხვევაში შესაძლოა, მიეცეთ რჩევა, რომ სახლებში იყვნენ და ონლაინ ექიმების ჩართულობით იმკურნალონ.

შეკითხვაზე, რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც თვენახევრის განმავლობაში დაგროვდა და მოსალოდნელია თუ არა, „კოვიდ-19“ ჩვეულებრივ, სეზონურ ინფექციად იქცეს, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ეს შესწავლილი არ არის, მაგრამ გამორიცხული არ არის, „კოვიდ-19“-მა სეზონური სახე მიიღოს, თუ ინფექციის სრული ელიმინაცია არ მოხდა.

„თანდათან, ყველა ვირუსული ინფექციის დროს ხდება მოსახლეობის იმუნიზაცია და ალბათ, ამის იმუნიტეტიც იქნება გახანგრძლივებული. ჯერჯერობით, ეს შესწავლილი არ არის; არ ვიცით, რამდენხნიან იმუნიტეტს იმუშავებს, როგორ ხდება და ა.შ. შეიძლება, ასეც მოხდეს, მაგრამ თუ შევძელით ამ ტიპის ბრძოლა, რაშიც თითქმის, მთელი მსოფლიოა ჩართული, მაშინ შეიძლება, მოხდეს ამ დაავადების ელიმინაცია. იმიტომ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი დაავადების აღმოფხვრა მოხდა, აღარ არის და რაღაც ეპიზოდური, იშვიათი შემთხვევებია ხოლმე. იმედს გამოვთქვამ, ამ სახეს მიიღებს ეს დაავადებაც. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც მეორეს გამოვრიცხავ“, – განაცხადა ენდელაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე მკურნალობა არ მიმდინარეობს.

„ყოველდღიურად ხდება ყველა მძიმე პაციენტის გარჩევა და მათი ლაბორატორიული თუ რადიოლოგიური კვლევის შედეგები წყდება კონსილიუმზე, რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს თითოეულ ინდივიდს. ანუ, ერთი და იგივე მკურნალობა ყველას არ უტარდება“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ადამიანები, რომლებსაც სხვა პათოლოგია აქვთ, რადგან შესაძლოა, „კოვიდ-19“-მა არა, მაგრამ ამ ვირუსის ფონზე ცუდი გამოსავალი პაციენტის სხვა, ძირითადმა დაავადებამ გამოიწვიოს.

მარინა ენდელაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ე.წ მეოთხეული გადაცემის შემთხვევები არის, მაგრამ არა ბევრი.