მარიამ კუბლაშვილი - მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს
მარიამ კუბლაშვილი - მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს.

ადვოკატის თქმით, კითხვები თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრებას უკავშირდებოდა, კერძოდ, საიდან გაიცნო ჩეჩენი ეროვნების ადამიანები.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე ახალი დეტალი, გარემოება ან მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.

„კითხვები იმდენად ერთი და იგივე და არაფრის მომცემია, რომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დაკითხვას აქვს ფორმალური ხასიათი და ყველაფრის უკან ხდება რაღაც მიშვნელოვანი.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ ვიგებთ, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი გადადგა. არ ვიცი, რა ხდება, თუმცა, მიმაჩნია, რომ უფრო ფორმალური ხასიათისაა. ბრალის წარდგენას არ ველოდებით, რადგან მისთვის ბრალის წარდგენა თავის დროზე მოხდებოდა. ამ ეტაპზე ის ვიცით, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვები პერმანენტულად გაგრძელდება. დღეს ასევე საუბარი იყო, საიდან აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილი ვარკეთილის ბინაში, რაზეც კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ამასთან, კითხვები დაუსვეს, ვინ ცხოვრობდა მასთან ერთად“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს. ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მისი გამოკითხვა 29 აგვისტოს გაგრძელდება.