მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი სუს-ში მეორედ დაბარება აქციაზე გაკეთებულ განცხადებას არ უკავშირდება
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი სუს-ში მეორედ დაბარება აქციაზე გაკეთებულ განცხადებას არ უკავშირდება

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულ ცენტრში მისი დაბარება არ უკავშირდება რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

„ჩემი პირველი დაკითხვა დაკავშირებული იყო აქციაზე გამწარებული ადამიანის სიტყვებთან. მეორე დღეს არ მახსოვდა, რაც ვთქვი. ცდილობენ, რაღაცის შექმნას და დღეს იგივე საქმეზე არ ვარ დაბარებული“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

კითხვაზე, დაბარებულია თუ არა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმესთან დაკავშირებით, მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას თუ ადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში, „ე.ი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადის“.

მისივე თქმით, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე არ აქვს არანაირი ინფორმაცია, რომ უწყებას მიაწოდოს.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, ბრალი წარუდგინონ.

„ამ სახელმწიფოში არაფერიც არ არის გამორიცხული. მათი ინტერესი ალბათ ისაა, რომ მთლიანად გამანადგურონ, სხვა არაფერი. არ ვიცი, რასთან დაკავშირებით დამიბარეს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, არც ერთ საქმესთან დაკავშირებით აქამდე არ დაკითხულა.

„ამას ვუკავშირებ სტრასბურგში ჩემი ვიზიტის ჩაშლას. პასუხები უნდა გასცენ, რის საფუძველზე არ გამიშვეს. ალბათ პასუხები მომზადებული ექნებათ “, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დღეს ისევ დაიბარეს. ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.