მარიამ ჯორჯაძე - ხშირად ფერმერებს არჩევანის საშუალებაც არ აქვთ, რომ ბიოწარმოებაზე გადავიდნენ
მარიამ ჯორჯაძე - ხშირად ფერმერებს არჩევანის საშუალებაც არ აქვთ, რომ ბიოწარმოებაზე გადავიდნენ

ქართველი ფერმერების ნაწილს ბიოწარმოების განვითარება სურს, თუმცა ხშირად ასეთი არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვთ, – ამის შესახებ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოსთვის ბიოწარმოების განვითარების მნიშვნელობა, პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.

„ელკანას“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ბიოწარმოება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა მსოფლიო ბაზარზე და ის სახელმწიფომ ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა აღიაროს. თუმცა, ჯორჯაძის განმარტებით, ხელისუფლებამ ამ მიმართულების მხარდაჭერა 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში არ გაითვალისწინა და გასულ წელს დაპირებული 100 მილიონი ლარის მოცულობის ხელშემწყობი პროგრამაც შეაჩერა. ბიოწარმოების პრიორიტეტად აღიარების მოთხოვნით 1200 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია „ელკანამ“ უკვე პარლამენტსაც წარუდგინა.

დისკუსიის დროს ჯორჯაძემ აღნიშნა, რომ ბიოწარმოების დანერგვა ქართული მეღვინეობის სექტორს პრობლემების დაძლევაში დაეხმარა და ფაქტობრივად, კარგი ღვინის გარანტიად იქცა.

„ყველაზე მეტი სერტიფიცირებული ბიომეურნე დღეს მევენახეობაშია, რადგან როცა გაუჭირდათ, ყველა წავიდა სერტიფიკატის ასაღებად, რადგან ეს იყო მათი გარანტია უკეთესი გაყიდვებისთვის. ბევრი ბიომეღვინე გვყავს, ვინც ძალიან ძვირად ყიდის თავის სერტიფიცირებულ ღვინოს. ხშირად არც აწერენ, რადგან სერტიფიცირებულია და ვაზის ბიომეთოდებით მოვლა საუკეთესო ღვინის მოწევის ერთ-ერთი გარანტია. ახლა დიდი კომპანიებიც გადავიდნენ ბიოწარმოებაზე, რადგან ეს ხარისხიანი ღვინის გარანტია“, – განაცხადა ჯორჯაძემ.

თუმცა, „ელკანას“ დირექტორის ინფორმაციით, ხშირად ფერმერებს ბიოწარმოების დანერგვის სურვილი კი აქვთ, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევათ, რაც ხარსიხიანი პროდუქციის წარმოების პერსპექტივას აბრკოლებს.

„მაგალითად მეთხილეობის სექტორი, სადაც 2018 წლიდან ვმუშაობთ და დაახლოებით 800 ფერმერია გაერთიანებული. პრინციპში რვაასივე ფერმერს ბიოსტანდარტზე უნდოდა ორიენტაციის აღება, მაგრამ რადგან ჩვენთან მცირე მეურნეობებია და ფაროსანას საყოველთაო შეწამვლის პროგრამა ჩატარდა, არ მოხერხდა. არადა, ხშირ შეთხვევაში, ფაროსანაზე მეტად ფერმერების ცოდნის პრობლემა დგას. ვგულისხმობ, რომ თხილს ისევე უნდა მოუაროს, როგორც ვაზს, რადგან თხილი ინდუსტრიული კულტურა გახდა და მას მთელი რიგი აგროღონისძიებების გატარება სჭირდება. ის, რომ ადრე ფერმერი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა თხილის ბაღში – მოსაკრეფად, ასე აღარ შეიძლება და ა.შ. ამაზე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ხშირად ადამიანებს, ვისაც ბიოწარმოებაში ჩართვა სურდა, ამის საშუალება არ აქვთ, რადგან საყოველთაო შეწამვლის დროს მისი მცირე ნაკვეთის სისუფთავის დაცვა რთულია. არადა, ევროპასა და განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში სრულიად განსხვავებული კანონია. თუ ვინმემ განაცხადა, რომ ბიომეურნეობაზე გადადის, იქ არის ელემენტარული დაცვის საშუალება. აქ მილიონების ხარჯვაზე არ არის საუბარი. აქ პრობელმაა ის, მე რომ ბიოწარმოებაზე გადასვლა მინდოდეს, ამის არჩევანიც არ მაქვს, რადგან იმდენად მცირეა ჩემი ნაკვეთი, რომ არ გამოვა, რადგან ყველა მეზობელი შემიწამლეს. არადა, ჩვენ მსოფლიოს იაფი პროდუქციით ვერ გავაკვირვებთ, კონკურენტუნარიანი ამ კუთხით საერთოდ არა ვართ. მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციაა ჩვენი მომავალი“, – განუცხადა მარიამ ჯორჯაძემ „ბიზნესპარტნიორს“.