მარიამ ჯაში - წინასაარჩევნო პერიოდში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებმა შესაძლოა, მანიპულირების რისკი გააჩინოს
წინასაარჩევნო პერიოდში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებმა შესაძლოა, გააჩინოს მანიპულირების რისკი, – ამის შესახებ „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მისი თქმით, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მხარდაჭერა აღნიშნულ კანონპროექტს, რომლითაც მთავრობას საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ენიჭება, არ ექნება.
„ჩვენი ფრაქციის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან აღნიშნული ინიციატივით პირველ რიგში პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში იზღუდავს საკუთარ უფლებამოვალეობებს. ხდება საგანგებო სიტუაციისა და წესების მცირე გეოგრაფიულ არეალში დელეგირება პარლამენტის თანხმობის გარეშე, რაც წინა საარჩევნო პერიოდში არის უაღრესად რისკის მატარებელი. ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი ბატონი ამირან გამყრელიძის და მისი გუნდის პროფესიონალიზმსა და მათ რეკომენდაციებში, უბრალოდ, ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ არამართებული ნაბიჯი და გვაქვს საფუძველი, რომ შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნულმა კანონპროექტმა გააჩინოს მანიპულირების რისკი, რაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შეიძლება იყოს რისკის მატარებელი.
დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი ფრაქციის ხუთი წევრი არ უჭერს მხარს. ხვალ ზუსტად გვეცოდინება. ჩვენი კოლეგა – კობა ნარჩემაშვილი არ გახლავთ თბილისში და ამდენად გვექნება დამატებითი დისკუსია. ვფიქრობ, ჩვენი პოზიციები დაემთხვევა ამასთან დაკავშირებით. როგორც პარლამენტის წევრები, მზად ვართ, ნებისმიერ დროს 24-საათიან რეჟიმში მობილიზაციისთვის, თუკი იქნება საგანგებო რეჟიმის დაწესების აუცილებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რომ შეიკრიბოს პარლამენტი, იმსჯელოს და შესაბამისი უფლება მიანიჭოს მთავრობას, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ზოგადი ჩანაწერის ფორმით, განსაკუთრებით ამდენად მნიშვნელოვან წინასაარჩევნო წელს და ამ პერიოდში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებები ხვალ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.