„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 81 ხმით დაამტკიცა.

პროექტის თანახმად, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

ამ რეგულაციის კანონმდებლობაში ასახვას ვაქცინის მწარმოებლები ყველა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგანაც ითხოვენ.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს.

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტს მეორე და მესამე მოსმენით ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

დატოვე კომენტარი