მარიამ ჯაში - სკოლებში რელიგიების სწავლებას და თეოლოგიის პრინციპების შესახებ ინფორმაციის შეტანას მივესალმები
სკოლებში რელიგიების სწავლებას და თეოლოგიის პრინციპების შესახებ ინფორმაციის შეტანას მხოლოდ მივესალმები,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების თემები სწორედ რელიგიების როგორც ისტორიის, ასევე ძირითადი პრინციპების არცოდნის შედეგია.
„რელიგიის სახელით მიმდინარე ომები სწორედ იმ ცოდნის დეფიციტია, რომელიც თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ერების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და ასევე თანამშრომლობისთვის აუცილებელია.
საპატრიარქოსთან აქტიური კონსულტაციები დაწყებულია და საქართველოში მოქმედი ყველა კონფესიის წარმომადგენელი თანაბრად ჩართული იქნება, რომ ჩვენ მართებული ინფორმაცია სხვადასხვა ტრადიციული რელიგიების ისტორიების შესახებ თანაბრად მივაწოდოთ.
პედაგოგიური საქმიანობა დღეს არსებულ კანონმდებლობას არ გასცდება. შესაბამისი გადამზადების და სერთიფიცირების მქონე პედაგოგები ჩაერთვებიან შესაბამისი დისციპლინის სწავლებაში.
ჯერ საუბარია ძირითადი პრინციპების შეთანხმებაზე და სახელმძღვანელოს შინაარსის შეჩერებაზე. მე ვფიქრობ, კონკრეტულ სკოლებში შეგვიძლია საპილოტე რეჟიმში 2019 წლიდან დავიწყოთ. ყველაფერი არსებული საგანმანათლებლო გარემოს ფარგლებში წარიმართება”,- განაცხადა ჯაშმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, არჩევით საგნად სკოლებში რელიგიის სწავლება დაბრუნდეს.