მარიამ ჯაში - საპარლამენტო რესპუბლიკაზე სრულად გადასვლა სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსის უნიკალური შესაძლებლობაა
საპარლამენტო რესპუბლიკაზე სრულად გადასვლა სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსის უნიკალური შესაძლებლობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკა ერთი პარტიის მიერ ქვეყნის მართვის ალბათობას გამორიცხავს.
რაც შეეხება პარლამენტის სხდომებზე კვორუმის პრობლემას, მარიამ ჯაშის თქმით, თითოეული პარლამენტარი ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე და პლენარულ სხდომებზე დასწრების პრობლემა არც უნდა დგებოდეს დღის წესრიგში.
„პარლამენტის ნებისმიერი წევრის უპირველესი პასუხისმგებლობაა ის ანგარიშვალდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს ამომრჩეველთან. შესაბამისად, კვორუმის პრობლემები თუ დასწრების საკითხები, ვფიქრობ არც უნდა განიხილებოდეს, რადგან პარლამენტს ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, როგორც პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე მთავრობის ზედამხედველობისთვის და ასევე ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და იმპლემენტაციაზე მონიტორინგის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე სრულად გადასვლა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რეალურად დამყარდეს ხელისუფლების შტოებს შორის ის ბალანსი, რომელიც წლების მანძილზე იყო ნაკლებად დაცული. ასევე საქართველო ხდება ქვეყანა, რომელიც ვერასდროს გახდება ერთი პარტიის, ერთპიროვნული მმართველობის რისკის ქვეშ, რაც არის უმნიშვნელოვანესი გრძელვადიანი განვითარებისთვის” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის ნორმების ამოქმედება საქართველოსთვის გარდამტეხი ეტაპია და ერთგვარი ბაზაა, რომელიც ერთი პარტიის ძალაუფლებას გამორიცხავს.
საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედება მოჰყვება.
11 თავისა და 78 მუხლისგან შემდგარი კონსტიტუცია ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების სტანდარტებს ადგენს, მეორე მხრივ კი, სახელისუფლო შტოებს შორის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.